მოქალაქეებს, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობასთან სამოქალაქო აქტივობას ეწევიან, შესაძლოა მოუხდეთ მტკიცება, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქისგან მიღებული ანაზღაურება გრანტი არ არის.
გრანტებსა და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით „ქართულ ოცნებას“ სურს შემოიტანოს “თვალთმაქცური გრანტის“ ცნება, რომელსაც თავად ასე განმარტავს: "ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული იმ სახსრების მიღება ან გამოყენება, რომელიც თავისი ბუნებით გრანტია, მაგრამ გაცემულია იმავე კანონის მე-5 ან 5² მუხლებით განსაზღვრულისგან განსხვავებული, მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგების საფუძვლით, - ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით სამასიდან ხუთას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე”
„როგორც იურისტს არაერთი „ცუდი კანონპროექტი“ მინახავს, მაგრამ აი ეს დაანონსებული კანონპროექტი, ვფიქრობ, ყველანაირ რეკორდს ხსნის“, - ასე აფასებს „საქმის კურსთან“ „ოცნების“ ინიციატივას იურიდიული კომპანია „კოჟორიძე და იურისტების“ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი კახა კოჟორიძე.
მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტში არ არის ნათქვამი, რომ ჩვეულებრივი ბიზნესსაქმიანობით მიღებული თანხა გრანტია, თუმცა კანონპროექტი ითვალისწინებს დაშვებას, რომ კონკრეტული გარიგება შესაძლოა, ვიღაცამ ჩათვალოს მოჩვენებით ან თვალთმაქცურ გარიგებად.
„ჩემს მაგალითზე რომ ვისაუბრო, ადვოკატი ვარ, დავდე უცხო ქვეყნის მოქალაქესთან კონტრაქტი (არაერთი ადვოკატი, მათ შორის მეც ვდებთ კონტრაქტებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან, ვუწევთ მათ იურიდიულ დახმარებას და ვიღებთ ჰონორარს) ამ შემთხვევაში მე თუ მივიღე ჰონორარი უცხო ქვეყნის მოქალაქისგან, ნებისმიერ საკითხზე, არ აქვს მნიშვნელობა საკითხთა წრეს, ჰონორარი არ ჩაითვლება გრანტად, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ვიღაცამ თქვა, რომ შენ, რომ ამ ადამიანმა გადაგიხადა პირობითად 1000 დოლარი, ეს მოჩვენებითი გარიგებაა და სინამდვილეში შენ 500 დოლარის იურიდიული სერვისი გაუწიე და დანარჩენი 500 დოლარი გრანტია, ამის შემდეგ მიწევს იმის მტკიცება, რომ არა, დანარჩენი 500 დოლარი გრანტი კი არ არის, არამედ ესეც არის ჰონორარის ნაწილი და შეიძლება მე მომიწიოს, წარმოვადგინო ამის დამადასტურებელი, მტკიცებულებები ( რამდენი საათი გავუწიე მას კონსულტაცია, სად გავყევი, რა თემაზე, რომელ სასამართლოში გავუწიე იურიდიული სერვისი და ასე შემდეგ) ანუ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს ნებისმიერ პირს, რომელმაც შეიძლება მიიღოს უცხო ქვეყნის მოქალაქისაგან თუ იურიდიული პირისაგან რაიმე სახის ფინანსური შემოსავალი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს შემოსავალი შეიძლება უკავშირდებოდეს მის პროფესიულ საქმიანობას, რაც ამ კანონით არ არის აკრძალული, მაგრამ იძლევა იმის საშუალებას, რომ ამ ტიპის შემოსავალიც განიმარტოს ან ჩაითვალოს კონკრეტულ შემთხვევაში გრანტად. ანუ პრაქტიკულად, ნებისმიერი პირის თავისუფლება შეიძლება დადგეს რისკის ქვეშ და ბუნებრივია, რომ ეს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს“, - ამბობს იურისტი და განმარტავს, რომ ასეთ აბსურდამდე შეიძლება დავიდეს პროცესი.
„პრაქტიკულად ადამიანი ხდება ნორმის შემფარდებლის, პროკურორის თუ მოსამართლის კეთილსინდისიერების იმედად. ის თუ კეთილსინდისიერად განმარტავს, მაშინ შეიძლება ასეთი საშინელი არ აღმოჩნდეს ეს კანონპროექტი, მაგრამ თავად კანონპროექტი, კიდევ ერთხელ ვამბობ, იძლევა ძალიან ცუდად, ძალიან მძიმედ განმარტების საშუალებას“ - ამბობს კახა კოჟორიძე.
მისი თქმით, ეს კანონპროექტი ცალსახად ანტიკონსტიტუციურია.




























