მას შემდეგ, რაც იანვარში, Alaska Airline-ის რეისზე Boeing-ის წარმოებულ სამგზავრო თვითმფრინავს 4 876 მეტრის სიმაღლეზე ფრენისას კარი მოწყდა, Boeing-მა ალასკის ავიახაზებს, კომპენსაციის სახით, $160 მილიონი გადაუხადა - ამის შესახებ თავად ავიაკომპანია იტყობინება.
Alaska-ს ინფორმაციით, გადახდილი თანხა კომპანიის მიერ მომხდარის შემდეგ 3 თვის განმავლობაში მიღებულ ზარალს დაფარავს, Boeing-ისგან კი მომდევნო თვეებში კომპენსაციის გაზრდას ელოდება.
მომხდარის შემდეგ მარეგულირებელმა უწყებამ Boeing-ის წარმოების 200 ერთეული 737 Max 9 ხომალდის მიმოსვლა დროებით შეაჩერა, რის გამოც მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ფრენა გადაიდო, ან - გაუქმდა.
გადადებული ფრენებისა და Boeing-ის მიერ წარმოების გაჭიანურების გამო, ავიაკომპანიები მგზავრებს გაძვირებული ფრენების შესახებ უკვე აფრთხილებენ. თავად Boeing-ი კი, 5 იანვრის შემდეგ, კრიზისულ სიტუაციაშია. კომპანია ვარაუდობს, რომ წლის ბოლომდე მისი ხარჯები 4 მილიარდი დოლარით გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ “ალასკას ავიახაზების” მიერ პორტლენდიდან განხორციელებული ფრენის დროს Boeing-ის მიერ წარმოებული თვითმფრინავი წყობიდან გამოვიდა და საავარიო დაშვება განიცადა. შემთხვევას 171-ვე მგზავრი და ეკიპაჟის 6-ვე წევრი უსაფრთხოდ გადაურჩა.