მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თვიური უბალანსობის მოდელი, არათავსებადია ევროპული ენერგოგაერთიანების მოდელთან - Energy Community

სალომე ჯანელიძე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2019-2020 წლებში ელექტროენერგიის სექტორის შემუშავებული გეგმის ნაწილი, თვიურიდან საათობრივი უბალანსობის მოდელზე გადასვლა, შესაძლოა, 1-ელი ივლისიდან არ მოხდეს - ამის შესახებ BM.GE-ის საქართველოში Energy Community-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა განუცხადა.

სალომე ჯანელიძე ამბობს, რომ არსებულ მოდელზე დარჩენა ევროპული ენერგოგაერთიანების წესებთან არათავსებადია. მისივე თქმით, ჯერ ამის შესახებ ოფიციალური განცხადება, ან საკანონმდებლო ჩანაწერი არ არსებობს, თუმცა ასეთია წინასწარი ინფორმაცია.

"ჯერჯერობით, არსებობს მოქმედი კანონმდებლობა საქართველოში. კერძოდ, ბაზრის მოდელის კონცეფცია, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერაა დამტკიცებული ითვალისწინებს, რომ 1 ივლისს უნდა გაეშვას წესების დაცვით, მათ შორის საათობრივი უბალანსობის ვალდებულებით უნდა გვქონდეს ევროპული მოთხოვნების შესაბამისი ბაზარი. თუმცა, დღეს რაზეც არის საუბარი, რა განცხადებებიც არის ითვალისწინებს იმას, რომ შენარჩუნებული იქნება ბაზრის მოქმედი მოდელი,რც არ გულისხმობს საათობრივ უბალანსობას.

გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ არსად არ წერია ზუსტად რას გულისხმობს სამინისტროს მიერ შემოთავაზებული მოდელი, ჯერ რთულია მისი შეფასება. თუმცა, რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ თუ შენარჩუნდება თვიური უბალანსობის მოდელი და არ იქნება უფრო მოკლე პერიოდის უბალანსობის მოდელზე, ეს არ იქნება თავსებადი ევროპული ენერგოგაერთიანების მოდელთან.

ამ ეტაპზე, ოფიციალურად არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა, ვთანამშრომლობთ სახელმწიფოსთან, მაგრამ ინფორმაციას მაინც იმ საჯარო განცხადებებიდან ვიღებთ, რაც გაკეთდა ლევან დავითაშვილის მიერ. არსებული ინფორმაციით, გაიხსნება ნებაყოფლობითი ბირჟა, რაც არ ეწინააღმდეგება მოთხოვნებს, თუმცა ამასთან, ნარჩუნდება არსებული მოდელი რაც არ არის თავსებადი", - განაცხადა სალომე ჯანელიძემ.

საათობრივი უბალანსობის მოდელის ამოქმედების შემთხვევაში, დღით ადრე ბაზარი ყოველი კალენდარული დღის 00:00 (CET)[3] საათზე გაიხსნება და მონაწილეებს შეეძლებათ აღნუსხონ თავიანთი მოთხოვნა/მიწოდება მომდევნო კალენდარული დღის თითოეული საათისთვის. აუქციონი დილის 10:00 (CET) საათზე დაიხურება. ამის შემდეგ მიღებულ განაცხადებზე დაყრდნობით დადგინდება ბაზრის წონასწორობის წერტილი შემდეგი წესით: ყიდვის შესახებ განაცხადები დალაგდება ფასის კლებადობის მიხედვით, ხოლო გაყიდვის შესახებ განაცხადები – ფასის ზრდადობის. ეს ინფორმაცია გადავა ფასითა და რაოდენობით განსაზღვრულ საკოორდინატო სიბრტყეზე და მიღებული წერტილების წრფივად დაკავშირებით აიგება მოთხოვნისა და მიწოდების მრუდები. მათი გადაკვეთის წერტილის მიხედვით დადგინდება წონასწორობა შესაბამის ფასსა და რაოდენობაზე. წონასწორული ფასის განსაზღვრის შემდეგ ბაზარზე დარეგისტრირებულ ყველა მყიდველს მოუწევს გადაიხადოს ერთი და იგივე ფასი თითოეულ წარმოებულ ენერგიაზე. შესაბამისად, მყიდველი ვალდებული იქნება, შეიძინოს მის მიერ მოთხოვნილი ელექტროენერგიის რაოდენობა იმისდა მიუხედავად, წონასწორული ფასი გადააჭარბებს თუ ნაკლები იქნება მის მიერ დარეგისტრირებულ ფასთან შედარებით. ასევე, ელექტროენერგიის მწარმოებლებსაც დაევალებათ, მიაწოდონ ბაზარზე მოთხოვნილი ელექტროენერგიის რაოდენობა წონასწორული ფასის მიხედვით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები