მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Twitter-ში თანამშრომელთა რაოდენობა ისევ მცირდება - Bloomberg

63bace6ceeb97
თათია კაკიაშვილი
08.01.23 18:50
535
Twitter-ის ახალი მფლობელის ილონ მასკის ხელმძღვანელობით, კომპანიის ნდობისა და უსაფრთხოების გუნდში თანამშრომელთა რაოდენობა ისევ მცირდება, ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება. გამოცემა წერს, რომ კომპანიის აღნიშნული სამსახური გლობალურად Twitter-ის შინაარსზეა პასუხისმგებელი და სიძულვილის ენას და შევიწროებასთან დაკავშირებული კონტენტის მოდერაციას ახდენს.

Bloomberg-ის „სანდო წყაროზე“ დაყრდნობით წერს, რომ Twitter-ის დუბლინის და სინგაპურის ოფისებში ათეულობით თანამშრომელი შეამცირეს და მათგან თანამშრომლების შემცირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაუმჟღავნებლობას ითხოვდნენ.

„ილონ მასკის საკუთრებაში არსებული სოციალური მედიის კომპანიიდან დათხოვნილები არიან Nur Azhar Bin Ayob, შედარებით ახალდაქირავებული თანამშრომელი, რომელიც აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ვებგვერდს ხელმძღვანელობდა და მასთან ერთად Analuisa Dominguez, Twitter-ის შემოსავლების პოლიტიკის უფროსი დირექტორი“, - იტყობინება Bloomberg.

შემცირება შეეხო იმ გუნდების თანამშრომლებსაც, რომლებიც დეზინფორმაციის აღმოფხვრის მიმართულებით მუშაობდნენ. Twitter-ის ნდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ვიცე-პრეზიდენტმა ელა ირვინმა Bloomberg-ს დაუდასტურა, რომ Twitter-მა რიგი საკადრო გადაწყვეტილებები ნამდვილად მიიღო, თუმცა მას არ დაუზუსტებია, თანამშრომლები აღნიშნული გუნდიდან გათავისუფლდნენ თუ არა.

„კომპანიისთვის უფრო ლოგიკური იყო, რომ ორი გუნდი ერთი ლიდერის ქვეშ გაერთიანებულიყო“, - მისწერა ირვინმა Bloomberg-ს ელ-ფოსტით და დასძინა, რომ Twitter-ის გასაჩივრების განყოფილებაში თანამშრომელთა რაოდენობამ მოიმატა, რამდენადაც კომპანიას ამ მიმართულებით დამატებითი მუშახელის აყვანა დასჭირდა.

შეგახსენებთ, რომ ილონ მასკმა Twitter-ი 2022 წლის ოქტომბერში 44 მილიარდ დოლარად იყიდა, საიდანაც 13 მლრდ-მდე თანხა ვალის სახით დაფარა, რაც წელიწადში დაახლოებით 1,5 მლრდ დოლარის ოდენობით პროცენტის გადახდას გულისხმობს. ამის შემდეგ, მასკმა სოციალური მედიაპლატფორმის განახლება გადაწყვიტა, რომელიც, მისი აზრით, გაკოტრების საფრთხის წინაშეა და ნოემბრის დასაწყისიდან დღეში 4 მილიონ დოლარს კარგავს. მასკმა Twitter-ის შეძენის შემდეგ, 7500-დან 5000-მდე თანამშრომლის გათავისუფლება და დარჩენილი კადრებისთვის სტაბილური სამუშაო გარემოს შექმნა დააანონსა.

ამასთან, Bloomberg-ი წერს, რომ Twitter-ს არაერთი სარჩელი ემუქრება გადაუხდელი გადასახადების გამო, მათ შორის კერძო ჩარტერული თვითმფრინავის ფრენების, პროგრამული უზრუნველყოფის სერვისებისა და სან-ფრანცისკოს ერთერთი ოფისის დაქირავებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები