მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ყველაფერი არასწორად განვითარდა” - ჯეკ დორსი ილონ მასკის მიერ Twitter-ის შესყიდვაზე

644f76ac15724
გიორგი არონია
02.05.23 00:20
1158
“ყველაფერი არასწორად განვითარდა”, - ასე ეხმიანება Twitter-ის დამფუძნებელი ჯეკ დორსი ილონ მასკის მიერ კომპანიის $44 მილიარდად შესყიდვას დეცენტრალიზებულ სოციალურ ქსელში, Bluesky-ში.

კითხვაზე, Twitter-ის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის ილონ მასკი საუკეთესო არჩევანი არის თუ არა, ჯეკ დორსი პასუხობს, რომ არა და დასძენს, რომ Twitter-ი ილონ მასკს საერთოდ არ უნდა ეყიდა, როცა გაანალიზა, რომ დრო არაშესაფერისი იყო. ამასთან, ჯეკ დორსი Twitter-ის სამეთვალყურეო საბჭოსაც ადანაშაულებს, რადგან მისი აზრით, კომპანია ნაძალადევად არ უნდა გაყიდულიყო.

ილონ მასკის მიერ Twitter-ის შესყიდვას კრიტიკოსები არც გარიგების გაოფიციალურებამდე აკლდა და არც მას შემდეგ, როცა მილიარდერმა სოციალური ქსელის ბიზნესმოდელი შეცვალა და კომპანიიდან ათიათასობით ადამიანი გაათავისუფლა. ახლა, როგორც ჩანს, ილონ მასკის კრიტიკოსებს შორის ჯეკ დორსიც მოხვდა, რომელიც, სხვათა შორის, თავდაპირველად, ილონ მასკის მიერ კომპანიის შესყიდვას დადებით მოვლენად აფასებდა და წერდა, რომ კომპანიის განვითარების მასკისეული ხედვა ინკლუზიური და სანდო იყო.

“თუ ილონს ან სხვას კომპანიის ყიდვა უნდოდა, სამეთვალყურეო საბჭოსთვის ისეთი ფასი უნდა შეეთავაზებინა, რომელსაც საბჭო დამოუკიდებლად არსებობაზე უკეთეს ვარიანტად მიიჩნევდა - ეს ყველა საჯარო კომპანიის შემთხვევაში ასეა. ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი? კი. შემეძლო თუ არა გადაწყვეტილების მიღება? არა. ვფიქრობ, [ილონს] გარიგებაზე უარი უნდა ეთქვა და $1 მილიარდი გადაეხადა”, - წერს ჯეკ დორსი Bluesky-ში.

ამ თანხას ჯეკ დორსი შემთხვევით არ ახსენებს, რადგან ილონ მასკს საშუალება ჰქონდა გარიგებაზე უარი ეთქვა და კომპენსაციის სახით კომპანიისთვის $1 მილიარდი გადაეხადა, მაგრამ ნაცვლად ამისა, მილიარდერმა კომპანია $44 მილიარდად შეისყიდა. როგორც აპრილის დასაწყისში გახდა ცნობილი, ილონ მასკის მიდგომები ფინანსურად მართლაც ამართლებს, რადგან Twitter-ი, რომელიც მოგებიანობით არასდროს იყო გამორჩეული, ნულოვან მოგებაზე გავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები