Twitter–ზე დაბლოკვის შემდეგ დონალდ ტრამპი საკუთარი ონლაინ პლატფორმის შექმნას აანონსებს. როგორც ტრამპმა თქვა, ის და მისი გუნდი ახალი პლატფორმის შექმნის შესაძლებლობას ახლო მომავალში განიხილავენ, თუმცა, გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
"დიდი ხანია ვამბობ, რომ Twitter–ი უფროდაუფრო შორს მიდის და თავისუფალ სიტყვას ბლოკავს. ტვიტერის თანამშრომლებმა, რომლებიც "დემოკრატებთან' და "რადიკალურ მემარცხენეებთან" თანამშრომლობენ, მიიღეს გადაწყვეტილება ჩემი ანგარიშის დაბლოკვასთან დაკავშირებით, რომ გამაჩუმონ მე და შენ – 75 მილიონი პარტიოტი, რომელმაც ხმა მე მომცა"–აცხადებს მოქმედი პრეზიდენტი.
ტრამპის განცხადებითვე, მისი გუნდი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას რამდენიმე სხვა საიტთან და ძალიან მალე "დიდ ანონსს" გააკეთებენ, თუმცა, ამასთან ეძებენ შესაძლებლობებს, საკუთარი პლატფორმაც ჩამოაყალიბონ.
"ჩვენ ვერ გაგვაჩუმებენ",– თქვა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ ტრამპის ანგარიში სოციალურმა ქსელმა გუშინ, პარასკევს, დაბლოკა. კომპანიის განცხადებით, არ სურთ დონალდ ტრამპმა ტვიტერი ისეთი განცხადებებისთვის გამოიყენოს, რომელმაც შესაძლოა გაზარდოს ძალადობის რისკი. პირველად, 12 საათით მოქმედ პრეზიდენტს ანგარიში კაპიტოლიუმში მიმდინარე მოვლენების პერიოდში დაუბლოკეს, როცა ტრამპის მხარდამჭერები შენობაში შეიჭრნენ და არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. მოგვიანებით, ტრამპს ანგარიში აღუდგა, მაგრამ 2 პოსტი, რაც მან სოციალურ ქსელში განათავსა, კომპანიამ კვლავ აგრესიისკენ მოწოდებად ჩათვალა და სრულად გაუუქმა.




























