მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტყის დაცვას ეროვნული სატყეო სააგენტო უზრუნველყოფს - სამინისტრომ ტყის კოდექსში ცვლილებები მოამზადა

ტყე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების კანონპროექტი მოამზადა და მთავრობას წარუდგინა. როგორც BM.GE-ის სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ დოკუმენტს მთავრობა განხილვის შემდეგ პარლამენტს წარუდგენს.

უწყებაში განმარტავენ, რომ ტყის კოდექსში ცვლილებების ფარგლებში განხორციელდება სატყეო რეფორმაც და ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქციაეროვნულსატყეო სააგენტო უზრუნველყოფს.

სამინისტრომ საკითხთან დაკავშირებით ეროვნული სატყეო სააგენტოს, ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსის კომენტარი გაავრცელა. დათა კობახიძე აღნიშნავს, რომ სატყეო რეფორმა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს, მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ჩვენი მ ეროვნული ღირებულებისთვის, რასაც ტყის დაცვა ჰქვია.

ეროვნული სატყეო სააგენტო ამჟამად სახელმწიფოს ტყის დაახლოებით 1 750 000 ჰექტარს მართავს, რაც საკმაოდ დიდი ფართობია და უნიკალურია ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც სტრატეგიული, ასევე, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით და მასზე ზრუნვა აუცილებელია.

ახალი სატყეო ეფორმის ფარგლებში ტყის დაცვის ფუნქციაეროვნულ სატყეო სააგენტო უზრუნველყოფს.

წარსულში უშუალოდ მეტყევე არ იყო კონკრეტულ ფართობზე გამოყოფილი, რომელიც სრულად პასუხისმგებელი იქნებოდა მის დაცვასა და შენარჩუნებაზე, ხოლო რეფორმის ფარგლებში პირდაპირ უკვე სამცველოებად დაყოფის შემდეგ 401 ტყის მცველი დაგვემატება, რაც გაზრდის ტყის დაცვის ეფექტურობასაც. წარსულში თუ პირობითად ერთ მეტყევეზე 10-15 ათასი ჰა ფართობი იყო გამოყოფილი, ამჟამად მართვისთვის დაახლოებით 2000 ჰექტარია, რაც სრულიად ლოგიკური ფართობია დაცვისთვის.

სატყეო სექტორის რეფორმის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას ტყის მონიტორინგის და კონტროლის გაძლიერება წარმოადგენს, რისთვისაც სააგენტომ სრულად განაახლა ტექნიკური საშუალებები. მაღალი გამავლობის ავტომობილებთან ერთად, შეძენილია - დრონები, სამხრე კამერები და ფოტოხაფანგები რაც მონიტორინგისა და კონტროლის გამკაცრების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსმა.

სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია დამატებითი ღონისძიებები, რამაც ტყის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობა კიდევ უფრო მეტად უნდა გაზარდოს. დაგეგმილია მაღალი გამავლობის 54 მანქანის შეძენა; ასევე, ტყის მცველების რადიო გადამცემებით და ელექტრონული პლანშეტებით აღჭურვა. რეფორმის ფარგლებში გაორმაგდა ტყის მცველთა სახელფასო ანაზღაურება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული ტყის კოდექსში შესატანი ცვლილებების დეტალები ამ დროისთვის უცნობია. თუმცა ცნობილია ის, რომ საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების კანონპროექტი მთავრობის მიერ XI მოწვევის პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესიაზე წარსადგენ 59 კანონპროექტში შედის. საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში გაწერილი ტყის კოდექსში დაანონსებული ცვლილებები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას გამოიწვევს.

რაც შეეხება მთავრობის განკარგულებაში გაწერილ ინფორმაციას, ტყის კოდექსში ცვლილებები შემდეგი შინაარსის იქნება:

„ტყით სარგებლობის პრაქტიკამ აჩვენა ხე-ტყის დამზადების და გაყიდვის მექანიზმის ცვლილების აუცილებლობა, ვინაიდან, არსებული ხე-ტყის დამზადების პრაქტიკა, ბიუროკრატიულად საკმაოდ რთულია. ცვლილების შედეგად სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტო აუქციონის წესით გასცემს ხე-ტყის დამზადების უფლებას. ხე-ტყის დამზადების აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ხე-ტყის დამზადება დასაშვები იქნება ტყის მართვის ორგანოს ზედამხედველობით. აღნიშნული უფლების მოპოვებით პირი ხდება ტყითმოსარგებლე. ასევე, კანონპროექტი მიზნად ისახავს ტყის ფიზიკური დაცვის მექანიზმების გაძლიერებას. შესაბამისად, მიზანშეწონილია, სატყეო სააგენტოს სამოქმედო ტერიტორიაზე შეიქმნას მცველთა ინსტიტუტი და სამცველოები, რომელთა საქმიანობაც უზრუნველყოფს ტყის რესურსების უწყვეტ მონიტორინგს, უკანონო ჭრის, ტრანსპორტირების და სხვა სამართალდარღვევების პრევენციას. აგრეთვე, პროექტი ითვალისწინებს, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო სექტორების სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად დაცულ ტერიტორიებზე, სამეურნეო ჭრასა და სანიტარულ ჭრასთან ერთად, დაშვებული იქნება მოვლითი და განსაკუთრებული დანიშნულებით სპეციალური ჭრითაც ხეტყის (მრგვალი ხეტყის (მორის) და საშეშე მერქნის) დამზადება“, - წერია მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები