მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ტყუილია, რომ პრობლემა კომპანიების დაბალი კვალიფიკაციაა” - იურისტი ტენდერების პრაქტიკაზე

63ccf79c7cc9b
ლიკა გურაბანიძე
22.01.23 14:00
1163

“ტყუილია ის, რომ ქვეყანაში კომპანიების დაბალი კვალიფიკაციაა, უბრალოდ, როდესაც ტენდერი ცხადდება და მის პირობებს ვკითხულობთ, მეწარმეები ხედავენ, რომ ეს მათთვის გამოცხადებული ტენდერი არ არის", - ამის შესახებ გადაცემა “ანალიტიკაში” იურისტმა ბადრი ნიაურმა ტენდერების კუთხით არსებულ გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა.

"კომპანია, ვინც შედის კონკურენციაში რისკის ფასად, ის დებს მაღალ ფასს. მაგალითად, ჩვენ ერთ-ერთ ტენდერში ვხედავთ, "გრინსერვის+"-ს 1 მლნ 700 ათასი ლარით ნაკლები აქვს დადებული და აქაც ჩნდება კითხვა: კვლავ უნდა გაიმარჯვოს, კვლავ დაბალი ხარისხი მივიღოთ და კვლავ ტრაგედიებამდე მივიდეთ? ამიტომ, ტყუილია, რაც მერიის ჩინოვნიკებისგან გვესმის, რომ ისინი უძლურები არიან, სანამ გამოძიება არ დამთავრდება. პროკურატურა კონკრეტულად ფიზიკური პირების ბრალეულობას იძიებს და არა "გრინსერვისის+"-ის, როგორც იურიდიული პირის ბრალეულობას. ამიტომაც ბუნებრივია, კომპანია აგრძელებს მონაწილეობას [ტენდერებში].

როდესაც ვაკის პარკის ამბავი მოხდა, მერიამ ჩათვალა, რომ "გრინსერვისი+"-მა სამუშაო ჯეროვნად შეასრულა? რატომ არ შეწყვიტა მასთან ხელშეკრულება? ამ კონკრეტულ შემთხვევაში უმოქმედოდ არიან...

ეს კომპანია დღეს არა თუ შავ სიაში, ის თეთრ სიაშია, ანუ პრივილეგიით ხელმძღვანელობს. პრივილეგია კი უკავშირდება საბანკო გარანტიის განახევრებული ღირებულებით მიღებას და ა.შ. ამიტომ კვლავ ჩნდება ერთი კითხვა: პოლიტიკა არის ჟესტების ენა, ხომ არ არის ეს ჟესტი გაკეთებული იმისთვის, რომ საზოგადოებამ სიმართლის მეორე ნახევარი არ გაიგოს. ვინ იყვნენ ის ჩინოვნიკები, ვინც დააჩქარა ამ შადრევნის ჩართვა და ზარზეიმით გახსნა და ა.შ”, - აღნიშნა ბადრი ნიაურმა გადაცემა “ანალიტიკაში”.

შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შემდგომ, შადრევნის მოპირკეთების სამუშაოებში ჩართულმა კომპანია "გრინსერვისი+"-მა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში კვლავ გაიმარჯვა. ტენდერის პირობების მიხედვით, კომპანიამ მოპირკეთების სამუშაოები უნდა ჩაატაროს, რისთვისაც ის დედაქალაქის ბიუჯეტისგან 3.1 მილიონ ლარს მიიღებს. ამ ტენდერის სავარაუდო ღირებულება 3.5 მილიონი ლარი იყო.

"გრინსერვისი+" კიდევ ერთ ტენდერში მონაწილეობს, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 8.6 მილიონი ლარია, მასში კომპანიამ 6.8 მილიონი ლარის წინადადება წარადგინა.


დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ BMG-ის განუცხადა, რომ არ არსებობდა კანონის ნორმა, რომელიც ამ კომპანიას ტენდერებში მონაწილეობას აუკრძალავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები