მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UAE იანვარში საქართველოს ექსპორტიორი ქვეყნების TOP-ათეულშია|რამ განაპირობა 434%-იანი ზრდა?

საქართველო

2026 წლის იანვარში არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების ათეულში მოხვდა. UAE-ში საქონლის გადაზიდვები 434%-ით 13 მილიონ 342 ათას დოლარამდე გაიზარდა და ამგვარად, არაბთა გაერთიანებული საამიროები TOP-ექსპორტიორებში 2.8%-იანი წილით მეათე ადგილზეა.

იანვარში საამიროებთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 27%-ით, 31.1 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ექსპორტის რეკორდული ზრდის მიუხედავად, სავაჭრო სალდო უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ იმპორტი ექსპორტს აღემატება.

ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, რომ UAE-ში ექსპორტის ზრდა დაუმუშავებელი ოქროს გადაზიდვების მკვეთრი მატებით არის განპირობებული. წელს იანვარში, საამიროებში 7 მილიონი დოლარის ღირებულების 100 კგ-მდე დაუმუშავებელი ოქრო გავიტანეთ, რაც წლიურად 1 453%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. წლის პირველი თვეში საამიროებში ფაქტობრივად იმ რაოდენობის დაუმუშავებელი ოქრო გავყიდეთ, რამდენიც გასულ წელს სრულად. არადა, 2025 წელს საქონლის ექსპორტი ამ მიმართულებით რეკორდული იყო [$7.3 მლნ, 100 კგ].

მეორე უმსხვილესი საქონელი, რაც იანვარში UAE-ში გავიდა ავტომობილების რეექსპორტი იყო. ამ მიმართულებით ექსპორტის ღირებულებამ 4.1 მლნ დოლარი შეადგინა.

გაიზარდა ასევე სიგარებისა და სიგარილების ექსპორტი და საამიროებში 569 ათასი დოლარის 55 ტონა საქონელი გავიდა. ყავის ჩაის ექსპორტით საქართველომ მცირე 387 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო 22 ტონა თხილის და სხვა კაკლის გაყიდვით 223 ათასი დოლარი.

რაც შეეხება იმპორტს და იმას - რას ვყიდულობთ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, სტატისტიკის მიხედვით, იანვარში იმპორტი 19%-ით 17.8 მლნ დოლარამდე შემცირდა. იანვარში საამიროებიდან სატელეფონო აპარატების შემოტანა 8.3 მლნ დოლარამდე, გამომთვლელი მანქანების და მათი ბლოკების კი 1 მილიონ დოლარამდე შეგვიმცირდა. მცირედ, 979 ათას დოლარამდე გაიზარდა ავტომანქანების ნაწილების იმპორტი; ორთოპედიული სამარჯვების შემოტანა კი 642 ათას დოლარამდე გაიზარდა. ტრაქტორების და სატვირთოების ნაწილების იმპორტი 607 ათასი დოლარის იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები