გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს საქართველოში აჰმედ ალნუაიმს შეხვდა. სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები და საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს. ამავე პრესრელიზიდან ვიგებთ, რომ დავით სონღულაშვილმა ყურადღება საამიროებში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის პოტენციალზე გაამახვილა.
BM.GE დაინტერესდა როგორია საქართველო - არაბთა გაერთიანებული საამიროების სავაჭრო ურთიერთობა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საექსპორტო და საიმპორტო საქონლის დასახელებებში აგროსასურსათო პროდუქტებს არც ისე დიდი ადგილი უკავია და მით უფრო უმსხვილეს სასაქონლო დასახელებების ჩამონათვალშიც არ გვხვდება.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველო - არაბთა გაერთიანებული საამიროების სავაჭრო ბრუნვამ მცირედ - 2.2%-ით, თუმცა იკლო და $163.8 მლნ დოლარი შეადგინა. წლის ამ პერიოდში ქვეყნებს შორის ვაჭრობა მეორე წელია შემცირების ტენდენციით ხასიათდება.
სავაჭრო ურთიერთობებში ექსპორტს მცირე ადგილი უკავია. ამასთან, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-ივნისში საქართველომ UAE-ში საქონლის ექსპორტით 27.5%-ით ნაკლები შემოსავალი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაზიდული საქონლის ღირებულებამ 19.1 მლნ დოლარი შეადგინა. ექსპორტის შემცირება საფრენი აპარატების, გამომთვლელი მანქანების, ტრაქტორებისა და სპეცდანიშნულების ტექნიკის, სატვირთო ავტომობილების, ეთილის სპირტის გაყიდვების შემცირებამ გამოიწვია, რაც გასულ წელს ამ პერიოდში, საექსპორტო საქონლის ათეულში იყო.
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტირებული საქონლის TOP-5 საქონლის ჩამონათვალი ასეთია:
- მსუბუქი ავტომობილები - $5.7 მლნ, 53 ცალი;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $3.8 მლნ, 8 227 ტონა;
- დაუმუშავებელი ოქრო - $1.1 მლნ;
- პნევმატური ხელის ინსტრუმენტები - $654 ათასი, 18 ტონა;
- მაისურები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი - $461 ათასი, 6 ტონა.
რაც შეეხება იმპორტს, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საქონლის შეძენის მაჩვენებელი მცირედ - 2.5%-ით გაიზარდა და 144.6 მლნ დოლარი შეადგინა. ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, რომ იანვარ-ივნისში UAE-დან სატელეფონო აპარატების იმპორტი ღირებულებაში გაიზარდა, ხოლო მოცულობით შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მიმართულებიდან საქართველოს ტელეფონების შეძენა გაუძვირდა.
იმპორტირებული საქონლის TOP-5-ეული:
- სატელეფონო აპარატები - $67.3 მლნ, 97 ტონა;
- გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - $8.2 მლნ, 23 ტონა;
- სიგარები და სიგარილები - $6.4 მლნ, 352 410 ღერი;
- მსუბუქი ამტომობილები - $4.8 მლნ, 126 ცალი;
- მიკროფონები - $4.7 მლნ, 38 ტონა.




























