მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უახლოეს მომავალში გელათის ვიზიტორთა ცენტრის საპირფარეშო ამუშავდება - სამინისტრო

გელათის ტუალეტი

გელათის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც 2020 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით მოეწყო და რისთვისაც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 1.6 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, გამოუყენებელია - არ მუშაობს არც ვიზიტორთა ცენტრი და არც - სველი წერტილები.

როგორც BMG-მ გაარკვია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ, ქონება სამართავად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაეცა და ამჟამად მის ბალანსზეა.

BMG-ის კულტურის და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურიდან მოგვწერეს, რომ 2020 წელს გახსნილმა გელათის ვიზიტორთა ცენტრმა რამდენიმე თვე იმუშავა და პანდემიის გამო, მალევე დაიხურა.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციითვე, „ვიზიტორთა ცენტრში არსებული საპირფარეშო ვიზიტორებს არასოდეს გამოუყენებიათ, რადგან მას წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა და მიეწოდება“.

„მოსალოდნელია, შესაბამისი უწყებების მიერ უახლოეს მომავალში გელათში სანიაღვრე და წყალარინების სისტემების მოწესრიგება. ამ შემთხვევაში ერთი ხაზი დაუკავშირდება ვიზიტორთა ცენტრს, რომელიც წყლით მომარაგდება და საპირფარეშოც ამუშავდება“, - მოგვწერეს კულტურის სამინისტროდან, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ როდის და ასევე, გაიხსნება თუ არა ვიზიტორთა ცენტრი.

ტუალეტი გელათის ეზოში - რატომაა დაკეტილი ვიზიტორთა ცენტრი, რისთვისაც ₾1.6 მლნ დაიხარჯა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები