საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა, ჩინეთი უკვე დაემატა იმ ქვეყნების სიას, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ. პრემიერ მინისტრის ხელმოწერილი დადგენილების მიხედვით, მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა მხოლოდ ტურისტული მიზნებისთვის შეუძლიათ სრული 30 დღის დარჩენის უფლებით, მთავრობას მიაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებით საქართველო გააღრმავებს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს მსოფლიოში რიგით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან და ასევე ეს წამახალისებელი მექანიზმი იქნება კიდევ უფრო მეტი ტურისტის საქართველოში შემოსაყვანად.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით 2023 წლის 6 თვეში ქვეყანაში ჩინეთის 12 600 მოქალაქე შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 316%-ით მეტია. საქართველოს ყველაზე მეტი ჩინელი ვიზიტორი 2019 წელს სტუმრობდა, მაშინ ვიზიტების რაოდენობა 48 000-ს შეადგენდა.
ტურიზმის ექსპერტის ვანო ვაშაყმაძის განცხადებით, უვიზო რეჟიმი ნებისმიერ შემთხვევაში გაზრდის ქვეყანაში მოგზაურობის მიმართ ინტერესს. ამასთან, როგორც მან გადაცემა “საქმიან დილაში” სტუმრობისას აღნიშნა, გადაწყვეტილების ქვეყანაში ორ საკითხს ააქტიურებს, რომელიც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე. კერძოდ კი მზაობა ტურისტული ნაკადების ზრდისთვის და დამცავი მექანიზმების არსებობა და შესაბამისი სერვისის შეთავაზება.
“ჩინეთი მზარდი ქვეყანაა, შესაბამისად, ნაკადების ზრდა მოსალოდნელია, 2023 წლის პირველი ორი კვარტალის მიხედვით 316% ძალიან დიდი ზრდა არის, რომელიც, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო გაიზრდება და საქართველო ამისთვის მზად უნდა იყოს. პირველი, რაც წარმოშობს გარკვეული საფრთხეების გაზრდას, არის მთავრობის გადაწყვეტილებების მიღების გზები, რომელიც წინასწარ კონსულტაციებს და მსჯელობებს არ ეფუძნება თვითონ იმ სექტორთან, რომელსაც ეხება ეს ბიზნესი. საჭიროა დაცვითი მექანიზმების ჩართვა, როდესაც ქვეყანას ღია საზღვრები და ლიბერალური ეკონომიკა აქვს, აუცილებელია არსებობდეს გზები, რომ ბიზნესებმა თავი დაიცვან, განსაკუთრებით მცირე და მიკრობიზნესებმა”,- განაცხადა მან.
ტურიზმის ექსპერტის თქმით, ქვეყანაში ბევრი პრეცედენტი აღინიშნა, როდესაც ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორების დიდ ნაწილს თვითონ უცხოელმა მოქალაქეებმა ან კომპანიებმა გაუწიეს მომსახურება ისე, რომ საქართველოს ბიუჯეტსა და მოსახლეობას დიდი ხეირი არ მიუღია. “რა თქმა უნდა, ფული იხარჯება ქვეყანაში, მაგრამ სერვისის მიწოდება სხვების მიერ ხდება, რაზეც დაცვითი მექანიზმის მოფიქრებაა საჭირო”, - დასძენს ტურიზმის ექსპერტი.
ამასთან, ვანო ვაშაყმაძემ კითხვას სვამს - ვართ თუ არა მზად ჩინეთიდან ტურისტების მისაღებად, რადგან საზოგადოების ძალიან ფართო სეგმენტია და მომსახურებაც არსებული ბაზრის მხრიდან სათანადო უნდა იყოს.
“დინამიკა მზარდია, თუ ბევრი მოქალაქე შემოვა, ვართ თუ არა მზად ამ ნაკადებისთვის, ვამზადებთ თუ არა მათ ენაზე სახელმძღვანელო წესებს სამოქმედო თვალსაზრისით, გვყავს თუ არა შესაბამისი კატეგორიის მომსახურე პერსონალი, რომელსაც შეუძლია არა საერთაშორისო ინგლისურ ენაზე, არამედ მათთვის მისაღები ტიპის მომსახურების გაწევა, იქნება ეს ენა, ქცევა თუ სხვა.
ბაზარი ძალიან დიდია, არის 10$-იანი და 1000$-იანი მოგზაური, როდესაც ვამბობთ, რომ მაღალმხარჯველუნარიანი მოგზაურების შემოსვლა გვინდა, გვაქვს თუ არა და სად გვაქვს ის სერვისები, რომელიც ასეთ ფასს შეესაბამება, ეს კითხვები დასაფიქრებელი იქნება ბევრი კომპანიისთვის და ქვეყნის შიგნით საინტერესო, კონკურენტუნარიან შეთავაზებებს შექმნის”, - თქვა მან და დასძინა, რომ ჩინელი საზოგადოება ძალიან ფართო სეგმენტია და ამ მხრივ ანალიტიკა და კვლევა საჭიროა, ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია მიზნობრივი მარკეტინგი, რათა სწორი ვიზიტორი შეირჩეს.