მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჯობებდა, ჩინეთთან სავიზო რეჟიმი ორმხრივად გაუქმებულიყო - გიორგი დარციმელია

ანალიტიკა

ტურისტული კომპანია Queen Tamada-ს დამფუძნებელი გიორგი დარციმელია ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში ვიზების გაუქმებას სიმბოლურად ნაბიჯად აფასებს და ამბობს, რომ ეს ტურიზმის დარგის წარმომადგენლების მუშაობაზე დიდ გავლენას არ მოახდენს. აღმოსავლეთის ერთ-ერთი დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე დარგის წარმომადგენელმა გადაცემა „ანალიტიკაში“ ისაუბრა.

„ეს [ვიზების გაუქმება] უფრო სიმბოლურ ნაბიჯს ჰგავს. ტურიზმის სექტორზე უფრო სხვა ნაბიჯები აისახებოდა. ის კომპანიები, რომლებიც ჩინეთის მოქალაქეების შემოყვანაზე მუშაობდნენ, კვლავ გააგრძელებენ მუშაობას ამ  მიმართულებით და არ მგონია ეს რაოდენობრივად ან სხვაგვარად აისახოს“, - განაცხადა გიორგი დარციმელიამ. 

Queen Tamada-ს დამფუძნებელი აცხადებს, რომ ვიზების ორმხრივ რეჟიმში გაუქმება უფრო კარგი იქნებოდა, ვიდრე ამგვარი ფორმით და დასძენს, რომ სტრატეგიული თანამშრომლობის ნაწილში საქართველომ აქცენტი დასავლეთზე უნდა გააკეთოს.

„ჩვენ ბევრ ქვეყანასთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გვქონდა გაუქმებული, მათ შორის რუსეთთან, რომელიც აგრესორია და ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს. ეს მნიშვნელოვნად აადვილებდა გადაადგილების პროცესს. ჩინეთთან მიმართებით ცოტა სხვა მდგომარეობაა, რადგან აქ იმდენად გაადვილებულია ვიზის გაცემის ფორმა - ელექტრონულად ხდება და ა.შ. რომ არსებითად ეს არაფერს გვაძლევს, თუმცა თუ ვიზების გაუქმებაზეა საუბარი, ორმხრივი რომ ყოფილიყო აჯობებდა.

ასევე შეიძლება ითქვას, რომ თუკი დაახლოებასა და სტრატეგიულ თანამშრომლობაზეა საუბარი, ჯობია დასავლეთთან უფრო აქტიურად ვითანამშრომლოთ, ვიდრე ჩინეთთან, რომელიც დღეს საქართველოს ეკონომიკაში აქტიურად ფიგურირებს“, - განმარტავს ტურიზმის დარგის წარმომადგენელი.

საქართველოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აქვს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებშია მიღებული. პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ არსებული გადაწყვეტილება ჩინეთიდან საქართველოში კიდევ უფრო მეტი ტურისტის ჩამოსვლას წაახალისებს. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჩინეთთან პირველ ეტაპზე, ყოველ დღე ერთი რეისი იქნება, რაც ნიშნავს რომ კვირაში 7 რეისი შესრულდება. მინისტრის თქმით, ეს იქნება სამმხრივი ფრენა პეკინი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებით.

რაც შეეხება ქვეყანაში ჩინელი ვიზიტორი შემოსვლის მაჩვენებელს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2023 წლის 6 თვეში ქვეყანაში ჩინეთის 12,600 მოქალაქე შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 316%-ით მეტია. წლების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი ჩინელი ვიზიტორი 2019 წელს სტუმრობდა, მაშინ ვიზიტორთა რაოდენობა 48 ათასს შეადგენდა. პანდემიის შემდეგ კი ჩინელი მოგზაურების რაოდენობა შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები