მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უახლოეს მომავალში ყაზახეთი და საქართველო მოაწერენ ხელს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს - ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში ვიზიტი შეაჯამა. მისი განმარტებით, ყაზახეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, უახლოეს მომავალში ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი გაფორმდება.

ყაველაშვილის თქმით, დოკუმენტი ყველა მიმართულებით გაწერს ორივე ქვეყნის შესაძლებლობებსა და ურთიერთსარგებელზე დაფუძნებულ პროცესებს.

შემცირებული გზავნილები, FDI და რეექსპორტი - როგორია ყაზახეთის ეკონომიკური კავშირი საქართველოსთან?

„ბოლოს მქონდა უკვე ყაზახეთის პრეზიდენტთან შეხვედრა, სადაც აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ტრადიციული მეგობრობა, რომელიც გვაკავშირებს სხვადასხვა სფეროში სავაჭრო, ეკონომიკის კუთხით, საჭიროებს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის შექმნას, უფრო სწორად, ხელმოწერას. ამაზე ჩვენ შევთანხმდით და უახლოეს მომავალში ყაზახეთი და საქართველო მოაწერენ ხელს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს, სადაც ყველა მიმართულებით იქნება გაწერილი ორივე ქვეყნის შესაძლებლობები და ურთიერთსარგებელზე დაფუძნებული პროცესები“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისი შეფასებით, ასტანაში გამართული რეგიონული ეკოლოგიური სამიტი „ძალიან მაღალ დონეზე“ იყო ორგანიზებული და მასში შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პირველი პირები მონაწილეობდნენ. ყაველაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს როლს გარემოს დაცვის კუთხით და აღნიშნა, რომ ეკოლოგიური საკითხები მჭიდრო კავშირშია ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკასა და ეკონომიკურ ზრდასთან.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადება სრულად:

„სამიტი ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. ჩემს სიტყვაშიც გადავუხადე მადლობა ყაზახეთის მთავრობას და მის პრეზიდენტს, რომელმაც უზრუნველყო გაერო-სთან ერთად ასეთი მაღალი დონის სამიტის ორგანიზება. გარემოს დაცვითი მიმართულებით ნამდვილად არსებობს გამოწვევები, არა მარტო სახელმწიფოებისთვის, არამედ საზოგადოებებისა და მოქალაქეებისთვის. ძალიან საინტერესო თემებს შევეხეთ ყველა. წარმოდგენილი იყვნენ შუა აზიის ქვეყნების პირველი პირები და კავკასიის ქვეყნების, სამხრეთ კავკასიის პირველი პირები.

სამიტი ორი დღე გაგრძელდება. ბრძანდებოდნენ ჩვენი მინისტრებიც, ჩვენი წარმომადგენლები, რომლებიც შემდეგ გააგრძელებენ ამ პროცესში მონაწილეობას. ჩვენ ჩვენი როლი გვაქვს, ძალიან ვუფრთხილდებით ჩვენს გარემოს. სამიტამდე დავათვალიერეთ პავილიონი, სადაც შუა აზიის ქვეყნები იყვნენ წარმოდგენილი ახალი პროექტებით, რომლებიც ასევე ძალიან საინტერესოა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მონაწილეობდა ასეთი მაღალი დონის სამიტში და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენ ჩვენი როლი გვაქვს გარემოს დაცვის და ეკოლოგიის კუთხით. ჩემს სიტყვაშიც განვაცხადე, რომ ამ პროცესშიც ჩართული ვართ.

ამ ყველაფერს თან სდევს ჩვენი გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა და სტაბილური მდგომარეობა, პარალელურ რეჟიმში ეკონომიკური ზრდა, რომელსაც ყველა ერთად აღნიშნავს, რადგან ეს პროცესი დაკავშირებულია ერთმანეთთან, ინკლუზიურია და ყველა ჩართულია ამ პროცესში. საომარი ვითარებებია გარშემო, დაძაბულობაა და ასეთი გამოწვევების ფონზე, თითქოს რატომ უნდა გვაწუხებდეს ეკოლოგია, მაგრამ ეს ყველაფერი კავშირშია ჩვენს სამყაროსთან, ადამიანებთან, სახელმწიფოებთან, რასაც ძალიან გაგებით ეკიდებიან.

ჩვენ ლიდერებთან შემდეგ ცალკეც გვქონდა ამ თემებზე საუბარი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შუა აზიის ქვეყნებთან თითქმის ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. გარდა ეკოლოგიისა, იცით, რომ შუა დერეფნის თემა ძალიან მიმზიდველია, მით უმეტეს, კიდევ უფრო მეტად იძენს თავის ფუნქციას. ყველამ იცის, რომ საქართველოს გარეშე ეს პროცესი წარმოუდგენელია და ამაში ყველა ერთხმად ვთანხმდებით. ძალიან კარგი შესაძლებლობები აქვს ჩვენს ქვეყანას“.

ასტანაში გამართული სამიტი ეკოლოგიურ გამოწვევებსა და რეგიონულ თანამშრომლობას ეხებოდა. ვიზიტის ფარგლებში ყაველაშვილმა შეხვედრები გამართა როგორც მასპინძელი ქვეყნის, ისე რეგიონის სხვა ლიდერებთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები