მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უახლოეს პერიოდში ახალი კონტრაქტები გაფორმდება და [ფასის კლება] ეტაპობრივად აისახება|Connect

ჯემალ ონიანი

ნავთობკომპანია Connect-ის დირექტორის ჯემალ ონიანის განცხადებით, უახლოეს პერიოდში ახალი კონტრაქტები გაფორმდება და საწვავზე ფასის კლება ეტაპობრივად მოხდება. ამის შესახებ მან Bm.ge-სთან საუბრისას განაცხადა.

მას შემდეგ რაც ირან-აშშ-ის შეთანხმების შესახებ გახდა ცნობილი, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მცირდება. ამ დროისთვის Brent-ის ტიპის საწვავზე ფასი 80 დოლარამდეა შემცირებული, არადა გარკვეული პერიოდი ფასი ბარელზე 110 დოლარსაც კი აჭარბებდა.

ჯემალ ონიანის თქმითვე, ფასის კორექტირება მათი კომპანიის შემთხვევაში 3-4 კვირაში იგეგმება.

"მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ იცოდეს, ბრენტის ფასი ასახავს ნედლი ნავთობის ღირებულებას მსოფლიო ბაზარზე. ჩვენ შესყიდვებს ვახორციელებთ პლაცის საერთაშორისო ინდექსის მიხედვით. ამ ეტაპზე კომპანია Connect-ის გუნდი აქტიურად მუშაობს მომწოდებლებთან, რათა მოვახდინოთ უკვე გაიაფებული ნავთობპროდუქტების შესყიდვა და შემდეგ იმპორტი საქართველოს ბაზარზე. უახლოეს პერიოდში მოხდება ახალი კონტრაქტების გაფორმება და შემოტანა ქართულ ბაზარზე. ალბათ 3-4 კვირის მანძილზე ეტაპობრივად აისახება ეს სამომხმარებლო ფასებზეც", - ამბობს ონიანი და დასძენს, რომ ბოლო თვეებში საწვავის გაძვირება ირანში მიმდინარე პროცესებს უკავშირდებოდა.

"ირანში მიმდინარე მოვლენებმა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა საერთაშორისო ფასებზე. თუ სტაბილურად გაგრძელდება ფასების კლება და არ მოხდება კიდევ გაუარესება გეოპოლიტიკური მდგომარეობის, ვფიქრობთ, რომ შენარჩუნდება დაბალი ფასი. გარკვეული დრო დასჭირდება ფასის ასახვას ბაზარზე. სავარაუდოდ, როგორც წესი, ფასების ცვლილება საქართველოში აისახება 3-4 კვირის მანძილზე ეტაპობრივად", - აცხადებს ჯემალ ონიანი.

14 ივნისს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან სამშვიდობო შეთანხმების შესახებ განაცხადა. მანვე პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტე, რაც არის ვიწრო გასასვლელი სპარსეთის ყურიდან ოკეანეში და რომელიც ომამდე მსოფლიო ნავთობის მეხუთედს ატარებდა, გაიხსნება. სრუტე თებერვლის ბოლოდან სრულად ჩაკეტილია, რამაც მსოფლიოში ყველა ტიპის საწვავი გააძვირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები