ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ერთ-ერთი საბოლოო მიზანია, რომ კომპანიები აღარ ახორციელებდნენ ე.წ კვაზ-ფისკალურ აქტივობებს.
როგორც ლაშა ხუციშვილი BMG-სთან აცხადებს, თუკი ბაზარზე სხვადასხვა მიმართულებით მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის ან რაიმე პროგრამების დაფინანსების საჭიროება იქნება, ეს ბიუჯეტიდან უნდა დასუბსიდირდეს და არა სახელმწიფო საწარმოებიდან. მისი თქმით, ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი ე.წ კვაზი ფისკალური აქტივობების შეჩერების მიმართულებით საქართველოს რკინიგზაა.
„საქართველოს რკინიგზა არის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი იმისა, რომ როდესაც სახელმწიფოს სურს, რაიმე ტიპის აქტივობის დასუბსიდირება, იქნება ეს მოწყვლადი ჯგუფებისთვის თუ გარკვეული სექტორული მიმართულებით, ეს არ უნდა იყოს ტვირთი სახელმწიფო საწარმოსთვის. სახელმწიფო საწარმომ უნდა იფუნქციონიროს იმ ფარგლებში, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს და ბიუჯეტს სურს გარკვეული ტიპის აქტივობების დასუბსიდირება, ეს უნდა განხორციელდეს მიზნობრივად და პირდაპირ ბიუჯეტიდან. ეს არის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამა თუ იმ აქტივობის დაფინანსება, მათ შორის, როდესაც ეს ხორციელდება სახელმწიფო საწარმოების მეშვეობით. ამ მიმართულებით ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და საბოლოო მიზანი სწორედ ეს არის, რომ არცერთ სახელმწიფო საწარმოში არ გვქონდეს ისეთი ტიპის პროგრამები, რომელიც ტვირთად დააწვება უშუალოდ სახელმწიფო საწარმოს.
ასეთი ტიპის აქტივობების მაქსიმალურად შემცირება ხდება. ბუნებრივია, ბიუჯეტი იღებს შესაბამის ვალდებულებებს. ეს ვერ მოხდება ერთი დღის და ერთი თვის განმავლობაში, თუმცა დინამიკა, რომელიც არის ბოლო წლების განმავლობაში ასეთი აქტივობებიდან გამოსვლის, ჩვენ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ უახლოეს პერიოდში, უახლოეს წლების განმავლობაში ასეთი აქტივობები პრაქტიკულად ნულთან ახლოს გვექნება, რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო საწარმოები უფრო მეტად გაჯანსაღებულები იქნებიან ფინანსური მიმართულებით“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.




























