სამეგრელოში მდებარე ტურისტული ობიექტის “საოჯახო მარანი - ოდა” დამფუძნებელი, ქეთო ნინიძე BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, დასახული გეგმების შესრულება მათი გამოწვევაა.
მისი თქმით, ობიექტში მრავალი მნიშვნელოვანი იდეის განხორციელებას გეგმავდნენ, მათ შორის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მარნის გაფართოებას, ტურისტული პროდუქტების შექმნასა და განთავსების ობიექტის დამატებას. თუმცა, არსებული რეალობის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე, ყველა პროექტი შეჩერებულია.
"სანამ ქვეყანა ამ გაურკვეველ მდგომარეობაშია, ჯერჯერობით ვერანაირ გეგმას ვერ ვაწყობთ. უამრავი გეგმა გვაქვს, მათ შორის მარნის გაფართოება ინფრასტრუქტურის მიმართულებით, წარმოების მიმართულებით, ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა და განთავსების ობიექტის დამატებაც, მაგრამ ვერაფერს ვერ ვაკეთებთ, რადგან ელემენტარული კრედიტის აღებაც კი ძალიან დიდ რისკებთანაა დაკავშირებული.
თუ გადავხედავთ, ჩემნაირი ადამიანები უბრალოდ ციხეში სხედან იმის გამო, რომ თავიანთი სამოქალაქო პოზიცია გამოხატეს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე. შესაბამისად, ხვალ გარეთ ვიქნებით თუ არა, ესეც არ ვიცით. ამიტომ, ველოდებით ქვეყნის მართლა დამშვიდებას და განვითარებას", - თქვა მან.




























