უარს ვაცხადებ ნებისმიერი სახის თანხის მიღებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, ირლანდიის მთავარეპისკოპოსი, ზენონი (იარაჯული) სოციალურ ქსელში წერს.
მეუფე ზენონი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ „პოსტში“ წერს, რომ მის პოზიციაში განსაკუთრებული არაფერია და უბრალოდ შეიძლებელია, ამ პირობებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის მიღება.
„სრულიად თვალსაჩინო უთანასწორობა, უსამართლობა. 18 მილიონი დემონსტრანტთა ჯარიმა. უარს ვაცხადებ ნებისმიერი სახის თანხის მიღებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
არაფერი განსაკუთრებული ჩემს პოზიციასა და განაცხადში. ეს უბრალოდ შეუძლებელია!
“ეს ხალხი გაძარცულია და დარბეული..საპყრობილეებში გამოკეტილნი; ტყვედ მიჰყავთ, მხსნელი კი არ არის.” / ეს. 42,22/“, - წერს მეუფე ზენონი.
საქართველოს საპატრიარქო 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით 25 მლნ ლარს მიიღებს.
ანალოგიური იყო სამოციქულო ეკლესიისთვის გამოყოფილი თანხა მიმდინარე წელსაც, თუმცა, პრემიერ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, საერთო ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპატრიარქოს დაქვემდებარებული ორგანიზაციების დაფინანსებამ 60 მილიონ ლარს მიაღწია.
უცნობია, რამდენი იყო აქედან დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, ასევე ირლანდიის ეპარქიების დაფინანსება. bm.ge ყველა დამატებითი კითხვით ცდილობს დაუკავშირდეს ეპისკოპოსს. მასალა განახლდება.




























