ლატვიის სადამკვირვებლო მისიის წევრის, რენის სტაჩელოვსკის განცხადებით, იმ უბნებზე რომლებზეც იმყოვებოდნენ სერიოზული დარღვევები არ უნახავთ.
ამასთან, დამკვირვებელმა აღნიშნა, რომ 10 საარჩევნო უბნიდან ერთ-ერთზე რომელზედაც იმყოფებოდა ამომრჩეველს ერთის ნაცვლად ორი ბიულეტენი მისცეს, თუმცა ფაქტის აღმოჩენის შემდეგ საარჩევნო კომისიის წევრებმა აღნიშნულ პირს ერთი ბიულეტენი ჩამოართვეს.
“პროცესი ჯერ არ დასრულებულა, მოვინახულეთ 10 საარჩევნო უბანი, წყნარი ვითარება ჩანს, მთლიანი ვითარება კარგად გამოიყურება. უბნებზე ვხედავთ, რომ საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები კარგად არიან მომზადებული, ასევე ამომრჩეველთა მხრიდანაც მშვიდი გარემოა. იმ უბანზე სადაც ვიყავით, იყო შემთხვევა, როდესაც ამომრჩეველს 2 ბიულეტენი მისცეს იმის გამო რომ ისინი ერთმანეთზე იყო შეწეპებული, თუმცა საარჩევნო კომისიის წევრებმა მას ერთი ბიულეტენი გამოართვეს.
კიდევ სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებმა მნიშვნელოვანი დარღვევები ჯერჯერობით ვერ დააფიქსირეს, მთლიანობაში ჩანს რომ ცესკომ კარგი სამუშაო გასწია არჩევნების მოსამზადებლად", - განაცხადა რენის სტაჩელოვსკისმა.
26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ხმის მიცემა სულ 3,111 უბანზე მიმდინარეობს. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი. წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა კი 95 910-ია.