დეპუტატი თეონა აქუბარდია რუსული კანონის მუხლობრივი განხილვისას მომხსენებელს კითხვით მიმართავს. მისი თქმით, საჯარო სამსახურის ხელმძღვანელი პირებისა და მინისტრის დაქირავებული მრჩევლების შესახებ პერსონალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის და არა თუ საზოგადოებისთვის, დეპუტატებისთვისაც არ არის ცნობილი, რის გამოც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მე-5 პუნქტი შინაარსობრივად გაუგებარია.
“თქვენ ამბობთ, რომ [მე-5 მუხლის შესაბამისად], ყველა ინფორმაცია დაიდება საჯაროდ, იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე, სადაც ისედაც დევს ეს ინფორმაცია. რეესტრის ამონაწერში არასამთავრობო ორგანიზაციის სადამფუძნებლო დოკუმენტი ისედაც დევს, მათი ვინაობა ცნობილია, დამატებით მეორე სიას კი იმისთვის აკეთებთ, რომ დასავლეთს ებრძოლოთ, ეს გასაგებია.
მაგრამ საინტერესოა, იმავე სააგენტოს საჯარო სამსახურის ხელმძღვანელ პირთა და თანამშრომელთა ვინაობა, პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემები, ბიუჯეტიდან მიღებული ხელფასები - ეს პირადი ინფორმაციაა და მოქალაქეებს კი არა, დეპუტატი ვარ და მინისტრის მრჩეველი ვინ არის და ხელფასი რამდენი აქვს, ამის შესახებ ვერ ვიღებ ინფორმაციას. და თქვენ ამბობთ, რომ ეს ინფორმაცია დახურული უნდა იყოს და ამ დროს NGO-ების საჯარო რეესტრი შეიქმნას?” - ამბობს თეონა აქუბარდია.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა იმ სახელმწიფო სტრუქტურებზე ისაუბრა, რომლებიც დაფინანსებას დასავლელი პარტნიორებისგან იღებენ.
“მაგალითად, ფილმი “მანდარინები”, რომელიც ოსკაროსანთა ხუთეულის ნომინაციაშია წარდგენილი და რუსული ოკუპაციის თემატიკაზეა გადაღებული, აფხაზეთზე - ამ ფილმის დაფინანსება ჩვენი პარტნიორების მიერ კინოცენტრში შეტანილი ფულით მოხდა. მე მაინტერესებს. ის მსახიობები, რომლებიც მონაწილეობენ ამ ფილმში, ასევე დარეგისტრირდებიან უცხო ძალის გამტარებელთა რეესტრში, თუ მხოლოდ კინოცენტრი?” - განაცხადა აქუბარდიამ.
თეონა აქუბარდიას კითხვაზე სხდომის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ დეკლარაციას ავსებს ყველა, ვისაც კანონი ავალდებულებს და არავითარი ინფორმაცია გასაიდუმლოებული არ არის.
"რა ინფორმაციაა გასაიდუმლოებული? ვისაც ევალება დეკლარირება ყველა, კანონის შესაბამისად, ვალდებულია შეავსოს ის და განათავსოს. უბედურება იმაშია, რომ თქვენ საჯარო მოხელეს და არასამთავრობო ორგანიზაციას ერთმანეთს უთანაბრებთ. ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების განცდა არ გაგაჩნიათ.
ორგანიზაციებს მოეთხოვებათ, მინიმალური სტანდარტებით, დარეგისტრირდნენ და გაასაჯაროონ ინფორმაცია, არა იმ დოზით, რა დოზითაც ჩვენ, თუმცა რა დოზით და როგორ მოხდება ეს და როგორ, პერსონალურ მონაცემთა დაცვითა და FARA-ს გამოცდილებით იქნება ადმინისტრირებული", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის მუხლობრივი განხილვა მიმდინარეობს. თეონა აქუბარდიას კითხვა კანონპროექტის მე-5 მუხლს შეეხებოდა, რომელიც “განაცხადის, სხვა სათანადო დოკუმენტებისა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის საჯაროობას” უზრუნველყოფს.