მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

უცხოელი ინვესტორი რომ იყოთ, საქართველოში ფულის ჩადებას გარისკავდით? - ჭყონიას პასუხი

თელარა გელანტია

06.10.21 15:50 10496 ნახვა

„დღეს საქართველოში ინვესტიციები არ შემოდის და კიდევ დიდხანს არ შემოვა, თუ ასე გაგრძელდა“, - ეს განცხადება ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ Forbes Georgia-ს და Bm.ge-ის მთავარ რედაქტორებთან გიორგი ისაკაძესა და თელარა გელანტიასთან ვრცელ ინტერვიუში გააკეთა. ბიზნესმენის თქმით, ხელისუფლების ვალდებულებაა, შექმნას ისეთი გარემო, რომ ბიზნესმა იფიქროს ქვეყნის განვითარებაზე. საინვესტიციო მიმზიდველობის გამოწვევებზე საუბრისას ბიზნესმენმა მაგალითად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი მოიყვანა. 

გ.ი. – ყველაზე ახალია „ნამახვანჰესის“ პროექტის თემა – ENKA-მ ერთი თვის შემდეგ სახელმწიფოსთან კონტრაქტის მოშლის გადაწყვეტილება მიიღო და, სავარაუდოდ, ისიც არბიტრაჟისთვის ემზადება…

ვიღაცამ ხომ მოაწერა ხელი ENKA-თან კონტრაქტს და ეს ვიღაცა არის სახელმწიფო; მხარეებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და ახლა ამბობენ, რომ თურმე კონტრაქტის პირობები კაბალურია, არასწორია და არ მოსწონთ… წარმოგიდგენიათ?! კი მაგრამ, 800 მლნ დოლარის დახარჯვას აპირებს ინვესტორი, გამოისყიდა მიწები, დაიწყო მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები, იქამდე კი ჩატარდა საჭირო კვლევები, დაიდო დასკვნები… და დღეს საუბრები მიდის იმაზე, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტი ახალ ინვესტორს მივყიდოთო – როგორ უნდა გამოისყიდო? პროცესი ვერ წარმომიდგენია – მივლენ ინვესტორთან და ეტყვიან – იცი რა, შენ ამ პროცესს თავი ვერ გაართვი და მერე რა, რომ ამდენი მილიონი დახარჯე ან რამდენია შენი მიუღებელი შემოსავალი, ახლა სხვამ უნდა დაიწყოს ნულიდან ეს პროექტი და მერე ისევ დაიწყება აქციები – „ქუთაისს წყალი დაფარავს“ და ა.შ. ამ ყველაფრის ფონზე რა გარანტია აქვს სხვა ინვესტორს?! ასეთი მაგალითების გამო, ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლა ძალიან რთულია.

თ.გ. – თქვენ რომ უცხოელი ინვესტორი იყოთ, გარისკავდით საქართველოში ფულის ჩადებას? თუ – კი, რა გარანტიებს მოითხოვდით სახელმწიფოსგან?

რთული კითხვაა. მარტო სახელმწიფოს გარანტიები, შეიძლება, ჩემთვის საკმარისი არ ყოფილიყო, რადგან შესაძლოა, მთავრობამ შეიცვალოს პოზიცია… ENKA-ს შემთხვევაში სახელმწიფო იყო მხარე და ვხედავთ, სად ვართ ახლა.

თ.გ. – ამიტომაც გკითხეთ, რა სახის გარანტიებს მოითხოვდით მთავრობისგან?

ვერ წარმომიდგენია. აბსოლუტურად არ ვარ მზად ამ კითხვისთვის. ყოველ შემთხვევაში, ნდობის ფაქტორი არ მექნებოდა ასეთი ძლიერი. ვთქვათ, პრემიერ-მინისტრმა რომ მითხრას – გააკეთე, არ გავაკეთებდი.

თ.გ. – მიმდინარე წლის მაისში, როცა ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით პრემიერის მრჩევლად ვაზილ ჰუდაკი დაინიშნა, ფაქტის შეფასებისას თქვენ გვითხარით, რომ „ეკონომიკური გუნდი ქვეყანას ადგილობრივი ინტელექტით მართავს და დამტკიცდა, რომ ეს საკმარისი არ არისო“. დღეს რას იტყოდით – მარტო რჩევა რას უშველის, თუ ბუნებამ არ უშველა?

ვაზილ ჰუდაკი როცა დაინიშნა მრჩევლის პოზიციაზე, ერთმა ჟურნალისტმა მკითხა – რა რჩევას მისცემდითო – მე რა უნდა ვურჩიო-მეთქი… რამდენიმე ექსპერტმა ურჩია რაღაცები… მერე დაიკარგა მრჩეველი და არ ჩანს. დაიკარგა.

საფონდო ბირჟები
კატეგორიები
საფონდო ბირჟები