მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3 რეკომენდაცია გასათვალისწინებლად – მაია მელიქიძე ნამახვანჰესის შესახებ

ნამახვანჰესი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წინა კვირას განაცხადა, რომ ნამახვანჰესის პროექტით ევროპული კომპანიები ინტერესდებიან.

BM.GE-ის კითხვაზე, პროექტის განხორციელებას შეუშლის თუ არა ხელს საარბიტრაჟო დავა, მინისტრმა ასე უპასუხა: „სამწუხაროდ, გვაქვს რიგ შემთხვევებში საარბიტრაჟო დავები, თუმცა გადაწყვეტილებები მიღებულია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რომ ჩვენ პროექტები განვახორციელოთ მაქსიმალურად ეფექტიანად და ეს პროექტები ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდეს, ამ შემთხვევაში ენერგეტიკულ პროექტებზეა საუბარი.

მაგრამ საარბიტრაჟო დავის მიუხედავად, პარალელურად წარიმართება პროცესი, რომ ეს პროექტი განვახორციელოთ მაღალი სტანდარტებით, მაღალი რეპუტაციის და გამოცდილების ინვესტორთან ერთად. დაინტერესება არის ძირითადად ევროპული კომპანიების მხრიდან, თუმცა ნაადრევია ამაზე საუბარი, რადგან ფორმალური პროცესი არ დაწყებულა და ჯერჯერობით საზოგადოებას ინფორმაციას ვერ მივაწვდით“.

ERRA–ს და GREDA–ს წარმომადგენელმა, მაია მელიქიძემ „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში სამი მთავარი რეკომენდაცია დაასახელა, რაც მისი აზრით, გასათვალისწინებელია იმისთვის, რომ ხელისუფლებამ და იმ ადამიანებმა, ვისაც ქვეყნის ენერგო–მომავალი ადარდებს, იგივე პრობლემები არ დაუშვან.

პირველი – დაინტერესებული მხარეების მეტი ჩართულობა პროექტის დასაწყისშივე: „ის კრიტიკული კითხვები, რომლებიც ისმება, ბუნებრივია, საჭიროებს პასუხების გაცემას. ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია. შესაძლებელია ეს არ იყოს ძალიან პოპულარული პასუხი, მაგრამ ეს არის რეალური პასუხი“. მეორე – გამჭვირვალობა: „თუმცა, კონტექსტიდან ამოვარდნილად არ უნდა განვიხილოთ. როდესაც რაღაც ტიპის ხელშეკრულება ხდება საჯარო, კონკრეტული მუხლების კონტექსტიდან ამოგლეჯა ხდება და მათი ცალკე განხილვა. როდესაც რაღაც კონკრეტულ თემაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა მივყვეთ ამ ინფორმაციის ლოგიკურ და ანალიტიკურ განვითარებას“. და მესამე – ანგარიშვალდებულება: „როდესაც კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ, თითოეული ამ ნაბიჯის შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ დაინტერესებულ მხარეებს. აქვე მინდა ყველას ვთხოვო, მეტი ინფორმაცია მოითხოვონ, ყური დაუგდონ გაცემულ პასუხებს, არგუმენტებს და გაითავისონ ისიც, რომ არ ქვეყანას სჭირდება პროგრესი, ამ ქვეყანას სჭირდება განვითარება“.

ნამახვანის ჰიდროელექტრო სადგურს შპს „ენკა რინიუბელზს“ აშენებდა, თუმცა მოსახლეობის პროტესტისა და მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ 2021 წელს მისი მშენებლობა შეწყდა, მალევე კი საქართველოს მთავრობამ დააანონსა, რომ ჰესს თავად ააშენებდნენ. საკითხზე დავა საარბიტრაჟო სასამართლოში გაგრძელდება.

„თუ ჩვენ არ მოვახდენთ ინვესტირებას მსხვილ ჰესებში, ყოველთვის დავრჩებით, იცით, როგორ ქვეყნად? იყიდე სხვა ქვეყნისგან და გაყიდე მეზობელ ქვეყანაში“ – ამბობს მაია მელიქიძე „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები