"თიბისი კაპიტალის" კვლევების სამსახურის უფროსის ირინა კვახაძის განცხადებით, უცხოელი სტუდენტების მზარდი ოდენობა იმაზე მიუთითებს, რომ ამ დარგს შემოსავლების კუთხით დიდი პოტენციალი აქვს.
“თუ 2015 წელს 6 ათასი უცხოელი სტუდენტი გვყვავდა ქართულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, 2021 წელს 17.5 გვყვავს. თითქმის 3-ჯერ არის გაზრდილი ეს მაჩვენებელი. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მზარდი მიმართულებაა და ქართული უნივერსიტეტები წარმატებით ახერხებენ სტუდენტების მოზიდვას. ჯერჯერობით უცხოელი სტუდენტები ძირითადად სამედიცინო მიმართულებით სწავლობენ, თუმცა ნელ-ნელა მიმართულებები ემატება, ასევე ფართოვდება ბაზრებიც, საიდანაც საქართველოში ჩამოდიან. ცოტა უფრო ფართოდ თუ შევხედავთ ვნახავთ, რომ ეს საინტერესო საექსპორტო პროდუქტი შეიძლება გახდეს.
რეალურად ექსპორტია, ჩვენ განათლების ექსპორტს ვეწევით. მათი ხარჯი განსხვავდება რეზიდენტებისგან და უნივერსიტეტების მიხედვით იცვლება. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ სტუდენტების წყალობით სექტორში საკმაოდ დიდი შემოსავალი გენერირდება”,-ამბობს კვახაძე.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში 17.5 ათასი უცხოელი სტუდენტი სწავლობდა, სტუდენტების წლიური ზრდა კი 20%-ს შეადგენს. TBC Capital-ის კვლევის თანახმად, რომელიც უმაღლეს განათლებას ეხება, უცხოელი სტუდენტების ეს მაჩვენებელი რეკორდულია. აღსანიშნავია, რომ უცხო ქვეყნის სტუდენტების რაოდენობა ქვეყანაში 2015 წლიდან მზარდია.




























