მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უცხოეთიდან 10 ზარი თუ შემოდის, covid-ის გამო მაქსიმუმ 1 ჯავშანი კეთდება“ - „კოლხიდა“

60dc69061b866
ვიქტორია მღებრიშვილი
30.06.21 19:30
2235
ურეკში ისტორიული სასტუმრო (სანატორიუმი) „კოლხიდა“ ივნისში 30-35%-იანი დატვირთვით და 20-30%-ით შემცირებული ფასებით მუშაობდა - სასტუმროს მფლობელი ხათუნა ლაგაზიძე BM.GE-სთან ყვება, რომ პანდემიურმა 2020 წელმა სასტუმროები სრულად ადგილობრივი დამსვენებლებით დატვირთა, მაშინ როდესაც პანდემიამდე ვიზიტორთა 70% უცხოელი იყო.

„პანდემიის წელი შესაძლებლობების წელიც იყო, რადგან ქართველმა დამსვენებელმა სწორედ გასულ წელს გაგვიცნო, რაც დატვირთვაში წელსაც გვეხმარება. ივნისში ადგილობრივი დამსვენებლის ხარჯზე სასტუმრო მესამედით იყო დატვირთული. ეს პანდემიამდელ მდგომარეობასაც, რომ შევადაროთ საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. განსხვავება ის არის, რომ წელს ჯგუფური ჯავშნები ნაკლებია და დატვირთვა ძირითადად ინდივიდუალურ დამსვენებელზე მოდის.

სახმელეთო საზღვრების გახსნა დატვირთვაზე, ჯერჯერობით, არ ასახულა. გვშველის ის, რომ ურეკი ბალნეოლოგიური კურორტია და სასტუმროსთან ერთად, ჩვენთან სანატორიუმიც მოქმედებს. ამ კუთხით რუსეთიდან გადმოსვლას ახერხებენ, აზერბაიჯანიდან ტურისტები ჯერ ვერ გადმოდიან, სომხეთიდან კი ინტერესი შეინიშნება, თუმცა ნაკადი ჯერ არ არის. ივნისში უცხოელები, ძირითადად, ბალტიის პირეთიდან და პოლონეთიდან გვსტუმრობდნენ“, - აღნიშნავს ხათუნა ლაგაზიძე.



რაც შეეხება ზაფხულის სეზონზე არსებულ მოლოდინებს, „კოლხიდას“ მფლობელი აცხადებს, რომ უცხოელების მხრიდან ინტერესი დიდია, თუმცა რეალური ჯავშნები მცირეა. ამის მიზეზად კი ხათუნა ლაგაზიძე ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას ასახელებს.

„მომავალ თვეებზე ინტერესი და ზარები უპრეცედენტოა, თუმცა ზარების შეფარდება რეალურ ჯავშნებთან თითქმის ერთი ათთანაა ანუ უცხოეთიდან 10 ზარი თუ შემოდის, კოვიდის გამო, მაქსიმუმ 1 იჯავშნება. საქართველო რიგი ქვეყნებისთვის კოვიდ-უსაფრთხო ქვეყანა არ არის, შესაბამისად, მოგზაურები აქ ჩამოსვლისგან თავს იკავებენ“, - ამბობს ლაგაზიძე.



მისი თქმით, სასტუმროში გასული წლიდან განთავსების ღირებულება, დაახლოებით, 20-30%-ით შემცირდა და დღეს ერთი ადამიანის განთავსების ღირებულება სამჯერადი კვებით 70 ლარია.

„სხვაგვარად ამ პირობებში ოპერირება წარმოუდგენელია, რადგან ბიზნესიც და დამსვენებელიც გადარჩენის პირობებში ვართ. ძირითადი დანახარჯი კვებაზე მიდის, აღარაფერს ვამბობს სხვა მომსახურებებზე. მინიმალურ მოგებაზე ვმუშაობთ. გასულ წელს კრედიტის დაფარვა ვერ შევძელით. მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან სესხების სუბსიდირების პროგრამაში ჩართულობისა სესხების დაფარვა ვერ შევძელით, რადგან მოგების მარჟა ძალიან მცირეა. კრიტიკის პარალელურად ისიც უნდა ითქვას, რომ არა საშემოსავლო და ქონების საგადასახადო შეღავათები, ასევე სესხების სუბსიდირება, ფიზიკურად ოპერირებას ვერ შევძლებდით“, - უთხრა BM.GE-ის „კოლხიდას“ მფლობელმა.



სასტუმრო-სანატორიუმი „კოლხიდა“ ურეკში მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასტუმროა, რომელსაც ტერიტორიაზე 3 ჰა-ზე განთავსებული ბოტანიკური ბაღი აქვს. სასტუმრო მთელი წლის განმავლობაში მუშაობს, თუმცა როგორც სასტუმროს მფლობელი ამბობს, წელიწადის სხვა სეზონზე ძირითადად კორპორაციული შეკვეთებით მუშაობს და დატვირთვა იმდენად დაბალია, რომ მხოლოდ სახელფასო ხარჯების დაფარვა ხერხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები