მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უძრავ ქონებაში ინვესტირება მაქსიმუმზეა ასული" - “აპექს დეველოპმენტი"

გიორგი ბაქრაძე

მიმდინარე კვირაში საქართველოში მშენებლობასთან დაკავშირებით მორიგი სტატისტიკური მაჩვენებლები გამოქვეყნდა, საიდანაც ვიგებთ, რომ 2023 წლის ოქტომბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.2%-ით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 4.5%-იანი შემცირებით, რამაც ჯამური ინდექსის ცვლილებაში -1.17 პროცენტული პუნქტი შეიტანა, ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 12.4%-ით გაიზარდა. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 26.2%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 7.4%-იანი გაძვირებით, რამაც, ჯამური ინდექსის ცვლილებაში შესაბამისად, 5.91 და 4.19 პროცენტული პუნქტი შეიტანა.

როგორია ვითარება არსებულ ბაზარზე და როგორია მომხმარებლის ქცევა, ამ თემებზე “აპექს დეველოპმენტის" კომერციულმა დირექტორმა გიორგი ბაქრაძემ გადაცემა "ბიზნესის კვირეული გიორგი ისაკაძესთან ერთად" ეთერში სტუმრობისას ისაუბრა.

"2023 წლისთვის ბაზარი მზარდი იყო, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: დაბანდებები და ინვესტიციები უძრავი ქონების მიმართ დღევანდელ ვითარებაში, მაქსიმუმზეა ასული, ამასთან, ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ დაინტერესებული ინვესტიციის უძრავ ქონებაში ჩადებით, მათ დაინახეს, რომ ბაზარი ძალიან მზარდი და მოგებიანია, შესაბამისად, მათაც დაიწყეს ინვესტიციების ჩადება, მესამე, რამაც ხელი შეუწყო ბაზრის ზრდას, არიან ის დიდი ოჯახები, რომლებიც, ფაქტობრივად, აღარ არსებობს საქართველოში, გადავდივართ ახალ მოდელზე, სადაც 8-10 კაციანი ოჯახები იშლება, რაც ცალკე მოთხოვნას ქმნის ბაზარზე", - დასძინა მან.

ამასთან, კომერციული დირექტორი აღნიშნავს, რომ მომხმარებლის საინვესტიციო ქცევა შეცვლილია, ვინაიდან, აქამდე მომხმარებელი უძრავი ქონების შეძენის დროს ბევრ ფაქტორს არ აქცევდა ყურადღებას.

"კარგ ბინებზე მოთხოვნა გაზრდილია, მომხმარებელი წლების წინ უძრავი ქონების შეძენისას ბევრ ფაქტორს არ ითვალისწინებდა, ახლა გემოვნება და მოთხოვნები შეიცვალა და მოთხოვნის თამასა აწეულია. ამასთან, შეცვლილია მომხმარებლის საინვესტიციო ქცევა, რომელიც საბურთალოს ტერიტორიაზე მოთხოვნის ზრდას განაპირობებს. საინვესტიციო მიმართულებით გარეუბნებსაც კი ეტყობა ზრდა, ბაზრის ასეთი მზარდი დინამიკა მომხმარებელს აიძულებს თუნდაც გარეუბანში შეიძინოს უძრავი ქონება", - განმარტავს გიორგი ბაქრაძე.

ამასთან, კომერციულმა დირექტორმა აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საინვესტიციო ჭრილში საბურთალოს ტერიტორიაზე და ქალაქის ცენტრში მოთხოვნა საგრძნობლად გაზრდილია, საცხოვრებელ ნაწილში ადამიანები ქალაქის ცენტრიდან გადიან და უძრავ ქონებას ქალაქ გარეთ იძენენ, ვინაიდან მათთვის არსებული ვითარება, რომელიც ქალაქშია, ძალიან დიდი დისკომფორტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები