მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა გარდაუვალია - „ბლოქსი“-ს კომერციული დირექტორი თეო გეგიაძე

62e1507f38d7f
თელარა გელანტია
28.07.22 09:45
1585
ბოლო პერიოდში მუდმივად იზრდება კომერციული და საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის მეორე კვარტალში, პირველ კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 0.7%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 4.5% შეადგინა.

დეველოპერული კომპანია „ბლოქსის“ კომერციული დირექტორის თეო გეგიაძის განმარტებით, უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული: ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მაინც ძირითადი მასალების ფასების ზრდაა - არმატურის ღირებულება 20%-ით არის გაზრდილი, ხოლო ბეტონის - 15%-ით. ამასთან, საგრძნობლად გაძვირებულია ყველა სხვა სამშენებლო თუ სარემონტო მასალაც, რაც ბაზარზე ლოგისტიკის გართულებამ გამოიწვია; 20%-მდეა გაზრდილი მუშახელის ანაზღაურებაც. საერთო ჯამში, მშენებლობის თვითღირებულება, დაახლოებით, 20%-ით არის გაძვირებული.

„ყველა გარემოების გათვალისწინებით, როგორც მშენებარე, ასევე დასრულებული ბინების ფასის ზრდა გარდაუვალია. პანდემიას არანაკლები გავლენა ჰქონდა უძრავი ქონების ბაზარზე, თუმცა ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებმა განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინა თვითღირებულებაზე. ამ პერიოდამდე ვცდილობდით, შეგვენარჩუნებინა ფასი მიმდინარე პროექტებში, თუმცა უკვე მომდევნო თვიდან ჩვენს პროექტებში ღირებულება დაახლოებით, 20%-ით მოიმატებს“ , - განმარტა  bm.ge-სთან „ბლოქსის“ კომერციულმა დირექტორმა თეო გეგიაძემ.

„ამჟამად, თბილისში - 7, ხოლო რეგიონებში 2 დასრულებული და მიმდინარე კომპლექსი გვაქვს. ვგეგმავთ სხვადასხვა მასშტაბურ პროექტს, რომელთა შესახებაც საზოგადოება მალე შეიტყობს. იქიდან გამომდინარე, რომ უძრავი ქონება საინვესტიციო დატვირთვას სულ უფრო მეტად იძენს, ვცდილობთ, ჩვენი პროექტები უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ. ამასთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელს ჰქონდეს საშუალება, აირჩიოს, სად სურს ბინის შეძენა, დასრულებულ თუ მშენებარე კომპლექსებში,“ - განაცხადა „ბლოქსის“ კომერციულმა დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები