უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი, ირაკლი ბადალაშვილი ამბობს, რომ საქართველოში უძრავი ქონებით უცხოელი ინვესტორების დაინტერესება მზარდია. მან ამის შესახებ BMG-სთან განაცხადა.
თბილისი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ინვესტორებს მასპინძლობს - ფორუმს კომპანია "ინვესტ ინ ჯორჯია" საქართველოში უკვე მესამედ ატარებს. ღონისძიებას ინვესტორები, საბროკერო კომპანიების წარმომადგენლები, უძრავი ქონების სპეციალისტები და ქართული დეველოპერული კომპანიები ესწრებიან.
"ჩემი კლიენტებისგან არის დაინტერესება ქართულ ბაზარზე და დიდი ალბათობით და სურვილი მაქვს, რომ სამომავლოდ Invest in Georgia-სთან ერთად განვახორციელოთ ინვესტიცია უკვე საქართველოში. როგორც ასეთი, აქტიურად უკვე წამოიწია წინა პლანზე საქართველოს ბაზარი და მეტი დაინტერესება არის უცხოელი ინვესტორებისგან და მოდის უკვე დაინტერესება პირადად ჩემთან, როგორც დუბაიში, ასევე საქართველოზე. და რა თქმა უნდა, Invest in Georgia-სთან ერთად უკვე ვახორციელებთ შეხვედრებსაც, აქტიურად. ამ ეტაპზე ჩემი დაკვირვებით და გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ზოგადად უძრავი ქონება საქართველოში უფრო აქტუალური გახდა და ინვესტორებიც გააქტიურდნენ.
მე ვერ ვიტყოდი, რომ საქართველო არ დგას იმ დონეზე, რომ სურვილი არ გაუჩნდეს ინვესტორს რომ ინვესტიცია განახორციელოს. პირიქით, დაინტერესება არის. უბრალოდ, ახლა უფრო წამოიწია წინა პლანზე, მით უმეტეს მსხვილმა დეველოპერმა, გაერთიანებული ემირატებიდან, უკვე რომ დააანონსეს ინვესტიცია საქართველოში, ამან უფრო გაზარდა ინტერესი. ამ ეტაპზე გვაქვს რამდენიმე პროექტები, რომელსაც განვიხილავთ აქტიურად და უახლოეს მომავალში იმედი მაქვს კარგ შედეგს დავდებთ",- განაცხადა მან.




























