"უძრავი ქონების ბაზარზე დღევანდელ მდგომარეობას საგანგაშოს არ დავარქმევდი, მაგრამ ყურადსაღებია", - ასე აფასებს დამოუკიდებელი კონსულტანტი კახა სამყურაშვილი BMGtv-ის გადაცემაში "წერტილი" უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ ბოლო ტენდენციებს.
საქმე ის არის, რომ უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების კლების ტენდენცია ნარჩუნდება. იანვრის შემდეგ, თბილისში ბინების რეალიზაცია თებერვალშიც შემცირებული იყო. Colliers Georgia-ს მონაცემებით, გასულ თვეს დედაქალაქში სულ 3 205 ბინა გაიყიდა, რაც ბინების წლიურად 8.9%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
"უძრავი ქონების დარგი თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორია საქართველოს ეკონომიკაში, რომელზეც დამოკიდებულია საქართველოს ეკონომიკის ფაქტობრივად 40-50%. შესაბამისად, მისი სტაბილურობა ყველას ამოცანაა და არა მხოლოდ დეველოპერის.
რაც შეეხება მოთხოვნას უძრავ ქონებაზე, ვიტყოდი, რომ შესუსტებულია. ამას შემცირებულ მოთხოვნას არ დავარქმევდი. გასული წელი რთული იყო, ამის თქმა შეიძლება და ეს სირთულე გადმოვიდა ამ წელსაც. საბოლოო ჯამში, მივიღეთ შესუსტებული, გნებავთ შენელებული მოთხოვნა.
ხშირად არის ხოლმე კითხვები უძრავი ქონების ფასთან დაკავშირებით. ეს შეიძლება არ ჟღერდეს მისაღებად ადამიანისთვის, ვინც უძრავი ქონების ყიდვას აპირებს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, უძრავ ქონებაზე ფასის შემცირება არ არის კარგი არც დეველოპერისთვის, არც მფლობელისთვის და არც მისთვის, ვინც შეძენას აპირებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი საინვესტიციო შენაძენებია, რაც უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნას ქმნის და ინვესტორს ყოველთვის უნდა, რომ ფასი იზრდებოდეს. არ არის აუცილებლობა, რომ იგივე ტემპით, როგორც ეს საქართველოში ბოლო 2-3 წლის განმავლობაში მოხდა, მაგრამ უნდა იყოს ფასის ზრდა, რადგან საბოლოო ჯამში, ეს ქმნის უკუგებას უძრავი ქონების ინვესტორისთვის", - განაცხადა სამყურაშვილმა. დამოუკიდებელი კონსულტანტი ასევე დეტალურად ხსნის, რა განაპირობებს ფასს და როგორ გაიზარდა თვითღირებულება შესუსტებული მოთხოვნის პარალელურად.
მისი თქმით, შესუსტებული მოთხოვნის გაგრძელების შემთხვევაში, რიგ დეველოპერებს ბაზრისთვის სხვადასხვა შეთავაზებების გაკეთება მოუწევთ.
"თუ მოთხოვნა შენელდება, ზოგ დეველოპერს გაუჩნდება აუცილებლობა შეამციროს ფასი. ამას შეიძლება ასე პირდაპირ არ დაერქვას და იყოს აქციის ფორმა, მაგრამ ნაბიჯების გადადგმა აუცილებელი იქნება.
თუ სადმე რისკების ზედამხედველობაა საჭირო, ეს უძრავი ქონების სექტორია, თუმცა, ამ ბაზარზე დღევანდელ მდგომარეობას საგანგაშოს არ დავარქმევდი, მაგრამ ყურადსაღებია. მათ შორის, უფრო მეტადაც, ვიდრე გასულ წელს", - განაცხადა სამყურაშვილმა "წერტილში".