მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უძრავი ქონების ფასის შემცირების სურვილი არ უნდა გვქონდეს, ეს შეიძლება კრიზისის დაწყების ნიშანი იყოს - ბესო ორთოიძე

ბესო ორთოიძე

როგორც კი უძრავი ქონების ფასი შემცირდება, გარკვეულ კრიზისთან და პრობლემასთან გვაქვს საქმე, - ასე უპასუხა "არსის" გენდირექტორმა უძრავი ქონების ფასებთან დაკავშირებით გადაცემა "ანალიტიკაში" დასმულ კითხვას.

მისი განმარტებით, თუ უძრავი ქონების ფასი მცირდება, ეს ნიშნავს რომ ქვეყანა ღარიბდება, ამიტომ ამის სურვილი არ უნდა გვქონდეს.

"როგორც კი უძრავი ქონების ფასი შემცირდება, გარკვეულ კრიზისთან და პრობლემასთან გვაქვს საქმე, თუ ეს არ იყო დაკავშირებული გლობალურ ბაზარზე, მაგალითად ლითონის ფასის შემცირებასთან, დანარჩენ შემთხვევაში - თუ ჩვენთან ფასი იზრდება, აღარ მცირდება.

ბევრ ევროპულ ქვეყანაში საკმაოდ დაბალია მოსახლეობის მიერ უძრავი ქონების საკუთრების ფლობის პროცენტული მაჩვენებელი. ჩვენთან ეს არის 95%-ზე მაღალი, ანუ საქართველოს მოსახლეობის ამდენ პროცენტს აქვს უძრავი ქონება. შესაბამისად, ეს რომ გადავიტანოთ როგორც კაპიტალი, თუ უძრავი ქონების ფასი მცირდება, გამოდის ზოგადად ქვეყანა ღარიბდება, ამიტომ არ უნდა გვქონდეს მოლოდინი და სურვილები, რომ უძრავი ქონების ფასი შემცირდეს, განსაკუთრებით ამ რყევების პირობებში, როცა ვიცი, თვითღირებულება რა ნიშნულზეა. თუ ფასი ახლა შემცირდა, შეიძლება ეს იყოს კრიზისის დაწყების პირველი ნიშნები", - განაცხადა ბესო ორთოიძემ.

ხოლო "ანალიტიკას" კითხვაზე - მოგების მარჟები არის თუ არა მაღალი - ორთოიძე ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში ბაზარზე 2-3-წლიანი პროექტებია, რაც დასრულებამდე თვითღირებულების განსაზღვრის საშუალებას არ იძლევა.

"2-3 წლიან პროექტებში თვითღირებულება ჯერ არ არის დაფიქსირებული, ვინაიდან პროცესშია, ეტაპობრივად ხელფასებს იხდი, მასალებს ყიდულობ, იქ ფასის შემცირება სარისკოა. შეიძლება ფასის შემცირების ცდუნება იყოს მოთხოვნის შემცირებასთან ერთად, მაგრამ ეს სარისკოა, ვინაიდან არ ვიცით, რა იქნება საბოლოო თვითღირებულება და შეიძლება [მშენებლობის] დასრულების რისკი დაგვიდგეს", - განმარტა "არსის" გენდირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები