"მოთხოვნის კლების მიუხედავად, უძრავი ქონების გაიაფება მოსალოდნელი არაა", - ამის შესახებ დეველოპერული კომპანიების ნაწილში აცხადებენ.
როგორც კომპანია „აპექს დეველოპმენტში“ BMG-ის განუცხადეს, მშენებლობის თვითღირებულება მკვეთრადაა გაზრდილი, რისი მიზეზიც ერთი მხრივ, გაძვირებული სამშენებლო მასალები, მეორე მხრივ კი მუშახელისთვის გაზრდილი ხელფასებია.
კომპანიის დირექტორის განცხადებით, ამ ფაქტორების გამო მიმდინარე წელს შესაძლოა, საცხოვრებელი ბინები მცირედით დამატებით გაძვირდეს.
„მოლოდინი არ გვაქვს, რომ უძრავი ქონება გაიაფდება, ვფიქრობ, შესაძლოა, 5-8%-ით ფასები გაიზარდოს. იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად მუშახელის დეფიციტია ქვეყანაში, ასევე სამშენებლო მასალებზე ყოველთვიურად ფასები იმატებს, ვერცერთი კომპანია ვერ შეძლებს, რომ ფასი დაწიოს. თუ დაწევს, ეს მოგების მარჟის ხარჯზე იქნება.
შესაძლოა, რომ წელს ისეთი გაყიდვების ტემპი არ იყოს, როგორიც 2023-ში და 2024 წლის პირველ ორ კვარტალში იყო, თუმცა ფასები ვერ შემცირდება. ამ პირობებში, ახალი პროექტების დაწყება გადავადდება, რაც უკვე ბაზარზე მიწოდებას შეამცირებს“, - განაცხადა ვლადიმერ რობაქიძემ.
ცნობისთვის, უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების კლების ტენდენცია ნარჩუნდება. იანვრის შემდეგ, თბილისში ბინების რეალიზაცია თებერვალშიც შემცირებული იყო. Colliers Georgia-ს მონაცემებით, გასულ თვეს დედაქალაქში სულ 3 205 ბინა გაიყიდა, რაც ბინების წლიურად 8.9%-ით შემცირებული მაჩვენებელია.