უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების კლების ტენდენცია ნარჩუნდება. იანვრის შემდეგ, თბილისში ბინების რეალიზაცია თებერვალშიც შემცირებული იყო. Colliers Georgia-ს მონაცემებით, გასულ თვეს დედაქალაქში სულ 3 205 ბინა გაიყიდა, რაც ბინების წლიურად 8.9%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
დეველოპერული კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობის ფონზე, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შემცირებული რჩება და ჯერჯერობით გაყიდვებში კვლავ კლების ტენდენცია იკვეთება.
როგორც კომპანია „აპექს დეველოპმენტში“ BMG-ის განუცხადეს, მათი კომპანიის შემთხვევაში, იანვარ-თებერვალში გაყიდვების 10%-იანი კლება დაფიქსირდა.
„ჩვენი კომპანიის შემთხვევაში გაყიდვებში იანვარ-თებერვალში 10%-იანი კლება გვაქვს, ჯერჯერობით, მარტის სტატისტიკა არ გვაქვს, თუმცა მოლოდინია, რომ კლება კვლავ გაგრძელდება. უძრავი ქონების ბაზარი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან მიმართებით საკმაოდ მგრძნობიარეა და შექმნილი არასტაბილურობა ამ ბაზარზე აისახება. გვაქვს მოლოდინი, რომ ქვეყანაში ვითარება გაუმჯობესდება და უძრავი ქონების ბაზარი გააქტიურდება, თუმცა ამ ეტაპზე, ჯერჯერობით კლება ფიქსირდება.
ის კლიენტები, ვისაც უძრავი ქონების შეძენა სურს, არსად არ წასულან. ზოგადად, მოლოდინის რეჟიმში არიან, აკვირდებიან ვითარებას და გამოსწორების შემთხვევაში, გაყიდვების მიმართულებით მატება იქნება“, - განაცხადა კომპანიის დირექტორმა, ვლადიმერ რობაქიძემ.
რაც შეეხება ეროვნული ბანკის მხრიდან იპოთეკურ სესხებზე რეგულაციის გამარტივებას, „აპექს დეველოპმენტში“ აცხადებენ, რომ მას მშენებარე პროექტებში ბინების გაყიდვების სტიმულირებაზე გავლენა ნაკლებად ექნება.
„ეროვნული ბანკის მხრიდან რეგულაციის გამარტივება მშენებარე პროექტებს ვერ დაასტიმულირებს. დეველოპერულ კომპანიებს ისედაც აქვთ შიდა უპროცენტო განვადება, სადაც საწყისი თანამონაწილეობა 10%-ია. რეგულაციის გამარტივება უფრო დასრულებულ პროექტებზე იმუშავებს, სადაც ბანკი ბინას იპოთეკის საგნად იყენებს“, - განაცხადა ვლადიმერ რობაქიძემ.