Forbes-ი 2022 წლის Global 2000-ის სიას აქვეყნებს. Global 2000 არის ტოპ-2000 საერთაშორისო კომპანიის რეიტინგი, რომელიც 2003 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება. კომპანიების შესაფასებლად Forbes-ი ოთხ ძირითად კრიტერიუმს ეყრდნობა: შემოსავალი, მოგება, აქტივების მოცულობა და საბაზრო ღირებულება.
Global 2000-ის უძრავი ქონების სექტორის ლიდერი კანადური კომპანია Brookfield Asset Management-ია, რომელიც გლობალურ რეიტინგში 83-ე ადგილს იკავებს. Brookfield-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $80 მილიარდს შეადგენს და ის $690 მილიარდის აქტივების მესაკუთრეა. კომპანია მსოფლიოს მასშტაბით შენობებსა და აქტივებს ფლობს, მათ შორის ყველაზე გამორჩეული კი ლონდონში განლაგებული Canary Wharf-ი და ნიუ-იორკში, მანჰეტენზე მდებარე ერთ-ერთი ცათამბჯენია.
უძრავი ქონების რეიტინგში მეორე ადგილზე ჩინური Poly Developments-ია. $220-მილიარდიანი აქტივების პორტფელითა და $32-მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაციით ის Global 2000-ის საერთო სიაში 189-ე ადგილს იკავებს. კომპანიამ გასულ წელს $43 მილიარდის შემოსავალი და $4 მილიარდის მოგება მიიღო.
მესამე ადგილს ასევე ჩინეთში დაფუძნებული Vanke იკავებს, რომელიც $304 მილიარდის აქტივებს ფლობს და $28-მილიარდიანი საბაზრო ღირებულებით გლობალურ რეიტინგში 197-ე პოზიციაზეა. აღნიშნულმა დეველოპერულმა კომპანიამ გასულ წელს $72 მილიარდის შემოსავლისა და $3.5 მილიარდის მოგების მიღება შეძლო.
აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონების სექტორში წარმოდგენილი 10 უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიიდან რვა ჩინეთსა და ჰონგ-კონგშია დაფუძნებული.
მსოფლიოს ტოპ-2000 კომპანიიდან 87 უძრავი ქონების ბიზნესითაა დაკავებული, მათი უმეტესობა კი აზიურია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აღნიშნული სექტორი ყველაზე სწრაფად სწორედ ამ რეგიონში ვითარდება.