მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უძველესი ბანკის გაყიდვის საკითხთან დაკავშირებით იტალიამ ფინანსურ მრჩევლად UBS დაიქირავა

mps

იტალიის მთავრობა აქტიურად განიხილავს მსოფლიოს უძველესი ბანკის, Banca Monte dei Paschi di Siena-ს გაყიდვის პერსპექტივას. საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე, ქვეყნის მთავრობამ ფინანსურ მრჩევლად უმსხვილესი შვეიცარიული ბანკი UBS დაიქირავა, იურიდიულ კონსულტაციას კი იტალიის მთავრობას Clifford Chance გაუწევს.

საქმე ისაა, რომ Banca Monte dei Paschi di Siena-ს 64%-იან წილს იტალიის მთავრობა ფლობს, ამ აქტივის შეფასება კი დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ეკონომიკის სამინისტროს ბანკის გაყიდვა სურს, რადგან საფონდო ბირჟაზე მისი აქციების ღირებულება ამჟამად მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, ამ ტრანზაქციით კი მთავრობა სერიოზულ მოგებას მიიღებს.

თავად ბანკი 1472 წელსაა დაფუძნებული და ის მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ფინანსური ორგანიზაციაა. მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებისა, ბანკი შედარებით მცირე ზომისაა და ის ძირითადად იტალიის მასშტაბით ოპერირებს. გაზრდილი კონკურენციის ფონზე, ბანკი სტაბილურად ვერ ახერხებს მოგებაზე გასვლას და მისი გაყიდვის ინიციატივით მთავრობის წევრები უკვე წლებია გამოდიან.

ბანკის აქციების გასხვისების შემთხვევაში, მისი 64%-იანი წილი კერძო ინვესტორების მფლობელობაში გადავა და მისი მართვის პროცესს სახელმწიფო სრულად ჩამოშორდება.

თავად ბანკის გასხვისების პროცესი, როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, ზედმეტად კომპლექსურია, ამიტომ ამ ნაბიჯის გადადგმამდე იტალიის მთავრობამ კონსულტაცია საერთაშორისო ექსპერტებთან უნდა გაიაროს და თავად პროცესი მათი რჩევის საფუძველზე წარმართოს, სწორედ ამ საკითხს უკავშირდება მთავრობის მიერ UBS-ისა და Clifford Chance-ის დაქირავება.