თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ უფასო სასადილოების ბენეფიციარებს კვების თვალსაზრისით პრობლემა არ შეექმნათ და საკვებით მომარაგების პროცესი უწყვეტად მიმდინარეობდეს.
როგორც მან ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, ამ ეტაპზე გამოცხადებულია ბაზრის კვლევა და პოტენციური მომწოდებლის გამოვლენისთანავე, შეწყდება მოქმედი ხელშეკრულება არსებულ კომპანიასთან და იგი ჩანაცვლდება ალტერნატიული მომწოდებლით.
„ჩვენ ვმოქმედებთ კანონის შესაბამისად. როგორც კი გვეყოლება ახალი კომპანია, მაშინვე შეუწყდება ხელშეკრულება აღნიშნულ კომპანიას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროცესი შეუწყვეტლად მიმდინარეობდეს ანუ მოქალაქეებს კვების თვალსაზრისით პრობლემა არ შეექმნათ, რადგან საუბარია ყველაზე გაჭირვებულ ფენაზე, სოციალურად დაუცველ ადამიანებზე. შესაბამისად, გამოცხადებული გვაქვს ინტერესთა გამოხატვა, ბაზრის კვლევა და როგორც კი გვეყოლება ახალი კომპანია, ძველს მაშინვე შეუწყდება ხელშეკრულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, უფასო სასადილოებისთვის განკუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს. ბრალდებულ 5 პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, კომპანიების დირექტორები უფასო სასადილოებით მომსახურების გაწევისას 3,5 მილიონი ლარის ოდენობის თანხას თაღლითურად დაეუფლნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-2026 წლებში შპს „Aladashvili & co“-სა და ქ. თბილისის ისნის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების გამგეობებს შორის გაფორმდა, ჯამში, 12 ხელშეკრულება, რომლებიც შეეხებოდა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის უფასო სასადილოებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას, საერთო ღირებულებით - 26 513 573 ლარი.
შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორმა 22 სასადილოდან ოთხი, გამგეობებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით, სამართავად გადასცა ქვეკონტრაქტორ კომპანიებს: შპს „გიდს“, შპს „ბადეს“ და შპს „ალიონს“. გამოძიებით დგინდება, რომ შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორი, აღნიშნულ კომპანიებთან ერთად, ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში, 2024, 2025, 2026 წლებში, ყოველდღიურად, 14 451-მდე ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდა და არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს. კერძოდ, პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების გზით, გამგეობებიდან მიღებული 18 909 104 ლარიდან თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 3 529 000 ლარს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 25, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"პასუხისმგებელი ვარ საკუთარ თავზე“ - კახა კალაძე უფასო სასადილოებში შესაძლო კორუფციაზე




























