ენერგეტიკოსი დავით მირცხულავა სვანეთში, სოფელ ხაიშში „ხუდონჰესის“ აშენებას „ოპტიმისტურად უყურებს“. „ხუდონჰესის“ ყოფილი ინვესტორი კომპანია „ტრანს ელექტრიკას“ ტექნიკური დირექტორი მიიჩნევს, რომ "მთავრობამ მოსახლეობასთან პირისპირ, გაცილებით პროფესიონალურად უნდა ისაუბროს“. ქვეყანაში დიდი ჰესების აშენებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და გამოსავლის გზებზე მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, რომელიც „ხუდონჰესის“ აშენებას კიდევ ერთხელ აანონსებს, ურჩია, კარგად შეისწავლონ ევროპული გამოცდილება და ადგილობრივ მოსახლეობას სასარგებლო პირობები შესთავაზონ.
აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით, კონკრეტულად არაფერია ცნობილი, როგორ აპირებს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს „ხუდონჰესის“ პროექტის განხორციელებას, თუმცა ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები მინისტრ მარიამ ქვრივიშვილზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ მთავრობას „ხუდონჰესის“ პროექტის განხორციელებაზე გადაწყვეტილება მიღებული აქვს.
შეგახსენებთ, მთავრობას ხუდონჰესის პროექტის ინვესტორისგან, ინდური კომპანია „ტრანსელექტრიკისგან" გამოსყიდვა 13.5 მლნ დოლარი დაუჯდა. ხუდონჰესის პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტში ენგურის ზედა ნაწილში ჰესის მშენებლობას ითვალისწინებდა. პროექტი მოიცავდა თაღოვანი კაშხლის, მიწისქვეშა ელექტროსადგურის და სხვა ნაგებობების მშენებლობას. მისი დადგმულ სიმძლავრე 702 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება 1,5 მლრდ კვტ/სთ უნდა ყოფილიყო. ინვესტიციად დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარი სახელდებოდა.
რატომ დატოვა "ხუდონჰესის" პროექტი "ტრანს ელექტრიკამ"?
ინტერვიუ დავით მირცხულავასთან
- თქვენ იყავით ტექნიკური დირექტორი ინდური კომპანია „ტრანს ელექტრიკასი“, რომელიც იყო „ხუდონჰესის“ ინვესტორი და შესაბამისად, ამ პროექტს კარგად იცნობთ. დღეს მთავრობა ისევ ამბობს, რომ ხუდონი არის პრიორიტეტული „ნენსკრაჰესთან“ და „ნამახვანჰესის“ პროექტთან ერთად. მაინტერესებს თქვენი გულწრფელი აზრი - აქვს თუ არა დღევანდელ ხელისუფლებას ნდობის იმხელა მანდატი, რომ ხაიშის მოსახლეობა „ხუდონჰესის“ მშენებლობის აუცილებლობაში დაარწმუნოს, სულ რომ ბიძინა ივანიშვილი ავიდეს დღეს სვანეთში - აქვს მას ცნობილი „ჭარბი ნდობა“? თუ ისევ უბრალოდ ლამაზ წინადადებებს მოვისმენთ...
- არა მგონია... მე მაინც ოპტიმისტურად ვუყურებ... მიმაჩნია, რომ არსებული ნეგატიური გამოცდილება - მათ შორის მოსახლეობასთან კომუნიკაციის კუთხით და ის ახალი პირობები, რასაც GREDA-ს კანონი გულისხმობს (ქონების გადასახადის ნაწილის იმ თემში დატოვება, სადაც ენერგოობიექტი შენდება), მოგვცემს საშუალებას, ადგილობრივებთან გარკვეული შეხების წერტილები მოიძებნოს. ეს მხოლოდ ხუდონის პროექტს არ ეხება - ყველგან, სადაც შესაძლებელია, დასავლური გამოცდილება უნდა იქნეს გამოყენებული. მაგალითად იტალიას მოვიყვანდი, სადაც მოგების გარკვეულ ნაწილს იმ თემს უნაწილებენ, რომელსაც პროექტი უშუალოდ ეხება. იტალიის ჩრდილოეთში რამდენიმე პროვინცია სწორედ ამგვარი ეკონომიკური შემოსავლებითაა ქვეყანაში ყველაზე წარმატებული. აქედან გამომდინარე, ახალი არგუმენტებითა და შეთავაზებებით, ადგილობრივი მოსახლეობა, ფაქტობრივად, საკუთარ გვარსა და ოჯახს 100-წლიან მომავალს - ეკონომიკური განვითარების გარანტიას შეუქმნის. ჩემთვის ცნობილია, რომ მთავრობა სწორედ დასავლეთ ევროპაში მიღებული ასეთი ურთიერთსასარგებლო პირობებისა და მიდგომების დანერგვაზე მუშაობს...
- არაერთი ყოფილი მინისტრისგან - იქნებოდა ეს ლევან დავითაშვილი თუ ნათია თურნავა - გვესმოდა, როგორ მუშაობენ მოსახლეობასთან კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესებაზე, როგორ წერენ საკომუნიკაციო სტრატეგიებს და ა.შ. ფაქტობრივად, რიტორიკა უცვლელია, თუმცა რეალური შედეგი არ ჩანს... დღეს, როდესაც ეკონომიკის სამინისტროს მოქმედი მენეჯმენტი დარგის წარმომადგენლებს არწმუნებს, რომ სამი დიდი ჰესიდან პირველი სწორედ ხუდონი აშენდება, პირველ რიგში მინისტრი და მისი გუნდი ადგილზე, მოსახლეობასთან არ უნდა მართავდეს შეხვედრებს?
- გეთანხმებით, რომ მოსახლეობას პირისპირ უნდა ელაპარაკონ...
- მით უმეტეს, როცა „ნამახვნჰესის“ გაკვეთილი გვაქვს - სწორედ მოსახლეობის გარკვეული ნაწილის პროტესტის გამო, პროექტის ინვესტორ კომპანია ENKA-სთან სახელმწიფომ კონტრაქტი გაწყვიტა. ინვესტორმა კი საინვესტიციო არბიტრაჟი მოუგო საქართველოს და შესაძლოა, 450 მლნ დოლარის გადახდა მოგვიწიოს ბიუჯეტიდან...
- ნამახვანის პროექტით მართლაც გაკვირვებულია არა მარტო საქართველოს მოსახლეობა, არამედ მთელი მსოფლიო, ვინც ამაში ჩახედულია. მსგავსი რამ არსად მომხდარა. ფაქტობრივად, ყველაზე იაფ პროექტზე, რომელიც ამ ბოლო დროს შენდებოდა, უარი ითქვა. ხშირად ვახსენებ, რომ რაღაც შეტევა იყო განხორციელებული და არ მჯერა, რომ ეს მხოლოდ საქართველოში დაგეგმილი შეტევა იყო.
- ფაქტია, დაახლოებით, მილიარდი ლარის გადახდა მოგვიწევს...
- მესმის...
- დღეს რომ იყოთ ენერგეტიკის მინისტრი ან მინისტრის მრჩეველი და ხუდონჰესის პროექტის დაძვრა იყოს დღის წესრიგში, რას ურჩევდით - პირველ რიგში, უნდა დაიწყონ თუ არა კომუნიკაცია მოსახლეობასთან?
- ბუნებრივია და ვფიქრობ, გაცილებით უფრო პროფესიონალურად, ვიდრე ადრე კეთდებოდა. მიმაჩნია, რომ კარგი შედეგის მომცემი იქნება შესაბამისი გამოცდილების მქონე კომპანიის და ჯგუფი დაქირავება... ვფიქრობ, ხელისუფლება მოემზადება. ის წინაპირობები, რაც დღეს არის - როგორც დაიწყეს და ახლა რაც მზადდება სხვადასხვა მიმართულებით, მაძლევს საფუძველს, ვიფიქრო, რომ ხელისუფლება უფრო პროფესიონალურად მიუდგება საკითხს; გააანალიზებს ყველა დაშვებულ შეცდომას და შეთავაზებები თითოეული ოჯახისთვის, ვისაც ეს ეხება, გაცილებით უფრო მიმზიდველი იქნება, რომ ის ოჯახები დაფიქრდნენ.
- როგორც ცნობილია, „ხუდონჰესის“ პროექტი [სოფელ ხაიშიდან] ადგილობრივი მოსახლეობის განსახლებას საჭიროებს...
- განსახლება, რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველაზე მძიმე და მტკივნეული თემაა, თუმცა მთავარია, მოსახლეობამ პერსპექტივა [დაინახოს[. მსგავსი მასშტაბის სადგურები მთელ მსოფლიოში შენდება. ხშირად მომყავს მცირემიწიანი იაპონიის მაგალითი, რომელსაც 3000-მდე წყალსაცავიანი ჰესი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ კიოტო იაპონელებისთვის [უმნიშვნელოვანესი კულტურული და ისტორიული ცენტრია], თავის დროზე ქალაქს 140 ჰექტარი მაინც „ჩამოეჭრა“ ამ მიზნით. წარმოიდგინეთ შვეიცარია, რომელიც საქართველოზე პატარაა, თუმცა 430 წყალსაცავი აქვს. იქ ყოფნისას თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი მოვინახულე და საკუთარი თვალით ვნახე ეს გამოცდილება. თუ ჩვენ მაღალი კლასის ენერგეტიკა გვინდა, უნდა გვესმოდეს, რომ „უფასო საუზმე არ არსებობს“...
- ვნახავთ, რამდენად გამოუვა მთავრობის ენერგეტიკულ გუნდს მოსახლეობასთან ეფექტიანი კომუნიკაცია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ხუდონჰესის პროექტის დაფინანსების თემა...
- მოგეხსენებათ, რამდენიმე წლის წინ ინვესტორი კომპანია „ტრანს ელექტრიკასგან“ სახელმწიფომ გამოისყიდა ხუდონჰესის პროექტი. სახელმწიფოს გააჩნია საკმაოდ დიდი აქტივი, რომელიც 2015 წელს შეფასებული იყო, დაახლოებით, 150 მილიონ დოლარად - ესაა მიწისქვეშა ნაგებობები, რაც თითქმის დასრულებულია სადღაც 60-70%-ით. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს სოციალური ნაწილი - მოსახლეობასთან ურთიერთობა... ასევე, სახელმწიფოს გასაკეთებელია გარკვეული ინფრასტრუქტურული აქტივობა - შემოვლითი გზები, ხიდები და ამის შემდეგ პროექტში ინვესტორის შემოსვლა გაცილებით გამართლებული იქნება...
- პროექტის და ინვესტორიც უფრო დაზღვეული იქნება რისკებისგან?
- რა თქმა უნდა, დაზღვეული იქნება და ქვეყანაც იქნება დაზღვეული, რომ [ინვესტორი] კიდევ არ წავიდეს დავისთვის არბიტრაჟში...
- ნამდვილად არ გვაწყობს არცერთი ინვესტორის არბიტრაჟში გაქცევა.




























