ამერიკული კომპანია TKO Group-ი, რომელშიც შერეული საბრძოლო ხელოვნების ფლაგმანი კომპანია UFC და პროფესიონალური რესლინგის ყველაზე მასშტაბური ორგანიზაცია WWE არიან გაერთიანებულები, საუდის არაბეთის გართობის მიმართულების ხელმძღვანელ ტურკი ალალშიხთან ერთად კრივის ახალ ორგანიზაციას დააარსებენ.
“ჩვენ ახლახან გავაფორმეთ ტურკი ალალშიხთან ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კრივის ახალ ორგანიზაციას დავაფუძნებთ. გულშემატკივრებს მივცემთ იმ ბრძოლებს, რომლის ნახვაც მათ სურთ. საუკეთესოები საუკეთესოებს შეხვდებიან და რეიტინგი იქნება ისე, როგორც UFC-ის შემთხვევაშია” - განაცხადა დანა უაითმა.
ახალი ორგანიზაციის მმართველები ყოველდღიურ რეჟიმში სწორედ UFC-ის მმართველი დანა უაითი და WWE-ის პრეზიდენტი ნიკ ხანი იქნებიან.
ჯერჯერობით უცნობია, რა სახელწოდებით იფუნქციონირებს ახალი საკრივო ორგანიზაცია და რომელი მოკრივეები იბრძოლებენ, თუმცა ორგანიზატორების განცხადებით, პირველი ღონისძიება 2026 წელს ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ კრივში არსებული ორგანიზაციები ხშირად ერთმანეთში ვერ თანხმდებოდნენ, რის გამოც გულშემატკივრები იმ ბრძოლებს ვერ იღებდნენ, რომლის ნახვის სურვილიც ჰქონდათ. ახალი კომპანია კი ითვალისწინებს UFC-ის ბიზნეს მოდელის გადაღებას, რომლის მიხედვითაც რეიტინგის მიხედვით საუკეთესოები დაიმსახურებენ შესაბამის ბრძოლებს.