საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარეძე აცხადებს, რომ უფლება აქვს იცოდეს არიან თუ არა პირველი კანონმდებლები მსოფლიოში, რომლებიც კანონის მიღების გამო დაასანქცირეს. ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" ლიდერი Facebook-ის პირად გვერდზე აშშ-დან 6 ივნისის საღამოს გაჟღერებულ განცხადებას, რომელიც მმართველი გუნდის წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრების, ასევე ძალოვანების და სხვა პირების სანქცირებას შეეხებოდა.
"მაინც ვფიქრობ, რომ ცოტა უფრო სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ ამბავს.
მაგალითად, უფლება გვაქვს, ვიცოდეთ ბოლო ბოლო, ვართ თუ არა პირველი კანონმდებლები მსოფლიოში, რომლებიც დაასანქცირეს კანონის მიღების გამო!
ასევე, ქართულ ოპოზიცია-აგენტურას უფლება აქვს უფრო კონკრეტული ამბებით გაიხაროს და არა მეათედ გამოცხადებული ზოგადი მინიშნებებით.
არაადამიანური მოპყრობაა, როდესაც აიძულებენ აგერ უკვე მერამდენედ გამოხატონ აღტაცება ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. ეს კიდევ უარესია, ვიდრე სიტყვა “რუსულის” ძახება შინაარსში შესვლის აკრძალვით. მათ ასეთი მოპყრობა არ დაუმსახურებიათ!", - წერს მდინარაძე.