მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„UG ბაღის ანგარიშებს ინკასო ადევს“ - ელა მაზმანოვა ქალების ნარატივში

BM.GE
04.02.21 12:16
803

„ჩვენს ანგარიშებს ინკასო ადევს“ – UG ბაღის დირექტორი ელა მაზმანოვა „ქალების ნარატივში“

 

-როგორია მოლოდინი ბაღების გახსნის საკითხთან დაკავშირებით?

-არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ თებერვალში გავიხსნებით, არც იმას ველოდებით, რომ რაიმე ტიპის თანამშრომლობას შემოგვთავაზებენ, რომ ამ საშინელი კრიზისიდან როგორმე გამოვიდეთ. არადა, ვფიქრობ, გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება. აი მაგალითად, გაიხსნას ბიზნესები მათთვის, ვინც კოვიდ-19 უკვე გადაიტანა. ბოლო მონაცემებით, ეს უკვე 21%-ია, რაც არაა ცოტა. ჩვენ არ უნდა შევედაროთ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა აშშ და ბრიტანეტი, მათ ძლიერი ეკონომიკა აქვთ. უფრო კრეატიულები უნდა ვიყოთ.



-საკმაოდ დიდი ხანი იყავით გაჩერებულები, რა მოცულობის ზარალზეა საუბარი?

-თითქმის 1 წელია ვართ დახურულები და დიდი ზარალი გვაქვს, მხოლოდ გასავალი, შემოსავლის გარეშე. სახელმწიფო გავალდებულებს საწარმოს, გადაიხადო ქონების გადასახადი ისეთ ქონებაზე, რომლის მიზნობრივად გამოყენების უფლებას არ გაძლევს. ვფიქრობ, რომ ეს უსამართლოა და არაკონსტიტუციური. დავწერეთ არაერთ წერილი, რომ შეეჩერებინათ ეს გადასახადი, გვქონდა შეხვედრები, თუმცა უარი მივიღეთ. პირადად ჩვენს ანგარიშებს ინკასო ადევს.  

 

-თანამშრომლების შენარჩუნება რამდენად შეძელით?

-თანამშრომლების შენარჩუნება მხოლოდ 2 თვე შევძელით, ისიც საკუთარი ფინანსური რისკების საფუძველზე. ახლა რომც გავიხსნათ, ნულიდან უნდა დავიწყოთ.  

 

-რამდენად რთულია ეს პერიოდი ბავშვებისთვის და როგორ აისახება ეს მათ განვითარებაზე და ფსიქიკურ მდგომარეობაზე?  

 

-რა თქმა უნდა, რთულია. ამის შედეგებს ჩვენ მომავალში დავინახავთ. ამ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური უნარები ვითარდება, რაც სახლის პირობებში არ მიიღწევა. ემოციური, გონებრივი განვითარება უფერხდებათ ბავშვებს, რაც სკოლის ეტაპზე ხელს შეუშლით. აღარაფერს ვამბობ ინკლუზიურ ბავშვებზე, მათთვის ეს კატასტროფის ტოლფასია. ამ დროს კი გეგმა არ არსებობს, არაფერს არ გვთავაზობენ. ამიტომ ვამბობთ, იქნებ მოგვისმინონ, ვითანამშრომლოთ და ასე შეძლონ კრიზისის მართვა. 

 

-ვისაუბროთ თქვენი არჩევანის შესახებ, რატომ გადაწყვიტეთ ამ სფეროში მუშაობა?

-უკვე 10 წელია, რაც ბაღს ვმართავ, თუმცა ალბათ, ეს 1 წელი უნდა გამოვაკლოთ. ძალიან დასანანი იქნება, რომ ის რაც გუნდმა ვაშენეთ, წყალში ჩაიყაროს და ბავშვებმა დაკარგონ ის, რასაც ჩვენ ვთავაზობდით.  

 

-პანდემიამდე რამდენად ხელსაყრელი ბიზნესგარემო იყო თქვენთვის?

-იქამდე პრობლემა არ გვქონია. აღსანიშნავია, რომ UGბაღი და სკოლა თანამშრომლობს კემბრიჯის საერთაშორისო კომისიასთან, რა გულისხმობს, რომ მაგალითად, ისეთი მიმართულებები, როგორებიცაა რაოდენობრივი აზროვნება, გარემოს აღქმა, მოსმენილის გააზრება მიმდინარეობს როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე.

 

-თქვენი შვილებისთვის რამდენად გრჩებათ დრო?

-მრჩება, სამსახურის მერე. იციან, რომ ამ დროს უნდა ვეთამაშო, ვაბანავო, დავაძინო და ა.შ

 

-სპორტული მიმართულებები და აქტივობები თუ გაქვთ ბაღში?

-დიახ, კარატე, ბალეტი, ტანვარჯიში.

-თავად რამდენად სპორტული ხართ?

-ფეხბურთს ვთამაშობ და 3 წელი კარატეზეც დავდიოდი.  

 

-რა არის პირველი რასაც გააკეთებთ იმისთვის, რომ თქვენთვის საყვარელი სამუშაო ლოკაცია გადაარჩინოთ?

-ეს დაკავშირებულია ისევ მთავრობასთან კომუნიკაციასთან, მათ გარეშე ჩვენ ვერაფერს ვწყვეტთ. გვაქვს შეხვედრები, ვესაუბრებით ბიზნესომბუდსმენს. ამ ეტაპზე, არ  ვიცით რას გვთავაზობენ, ველოდებით. იმედი გვაქვს, რომ ჩვენთან ითანამშრომლებენ.


სტუმარი: ელა მაზმანოვა - UG ბაღის დირექტორი
 
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები