Cotswold-ის სააუქციონო სახლმა გასაყიდად ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის უინსტონ ჩერჩილის პროთეზი გამოიტანა, რომელიც მას თავის ერთ-ერთი ლეგენდარული სიტყვით გამოსვლისას - “ჩვენ ვიბრძოლებთ პლაჟებზე” დროს ეკეთა.
ისინი სპეციალურად შეიქმნა ჩერჩილის ბუნებრივი ტუჩის შესანარჩუნებლად და იმდენად მნიშვნელოვან ნივთს წარმოადგენდა, რომ ბრიტანელი პოლიტიკოსი ყოველთვის თან ორ კომპლექტს ატარებდა.
სააუქციონო სახლმა პროთეზს საწყის ფასად 8 ათასი გირვანქა სტერლინგი დაადო, თუმცა საბოლოოდ 18 ათას გირვანქად გაიყიდა.
ლეგენდარულ ბრიტანელს მთელი ცხოვრება კბილებთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა და 20 წლის ასაკში რამდენიმე დაკარგა კიდეც. აღნიშნული პროთეზი ერთ-ერთია 4-იდან, რომელიც ჩერჩილისთვის 65 წლის ასაკში მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნეს.
Cotswold-ის სააუქციონო სახლის დირექტორის ლიზ პულის განცხადებით, ნივთი ერთ-ერთია იმ უჩვეულო ლოტებს შორის, რომელიც კი ოდესმე გასაყიდად გამოტანილა.
გასაყიდად გამოტანილ ლოტებს შორის ასევე იყო ჩერჩილის მიკროფონიც, რომლითაც მან საზოგადოებას მეორე მსოფლიო ომის დასასრული აცნობა. აღნიშნული ნივთი 11,5 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.