აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი CBS-თან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებებში ერთ-ერთი საკითხი პოტენციური შეთანხმებაა შავ ზღვასთან დაკავშირებით.
"არსებობს არეალები, რომლებზეც ყველამ ვიცით, რომ რუსების სამიზნეა. ბირთვული რეაქტორი, რომლიდანაც უკრაინის ნაწილი ელექტროენერგიას იღებს. ამ საკითხზეც იქნება მსჯელობა. ასევე პორტებზე წვდომასა და პოტენციურ შეთანხმებაზე შავ ზღვასთან დაკავშირებით", - თქვა ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა და ხაზი გაუსვა, რომ ბევრი საკითხია რაზეც უნდა შეთანხმდნენ.
დონალდ ტრამპი 18 მარტს გეგმავს სატელეფონო საუბარს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
"სამშაბათს პრეზიდენტ პუტინთან მექნება საუბარი. გასული კვირის ბოლოს დიდი საქმე გაკეთდა. გვინდა ვნახოთ შევძლებთ თუ არა ამ ომის დასრულებას. შესაძლოა შეგვიძლია, შეიძლება არც, თუმცა ვფიქრობ კარგი შანსი გვაქვს", - უთხრა ჟურნალისტებს 16 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა.
11 მარტს საუდის არაბეთში აშშ-სა და უკრაინას შორის გამართული მოლაპარაკების შედეგად კიევი დასთანხმდა ვაშინგტონის წინადადებას 30-დღიანი ზავის შესახებ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი აშშ-ის გადაწყვეტილება, რომ უკრაინას დაპაუზებული სამხედრო და სადაზვერვო დახმარება აღუდგინოს. ამის შესახებ აშშ-უკრაინის ერთობლივი შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
მოლაპარაკებები ორ რაუნდად გაიმართა და ჯამში რვა საათზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თქვა, რომ ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა.
"ვიმედოვნებთ, რუსებისგან რაც შეიძლება მალე მივიღებთ თანხმობას და შევძლებთ მეორე ფაზის დაწყებას, რაც რეალურ მოლაპარაკებებს გულისხმობს", - უთხრა რუბიომ ჟურნალისტებს.
28 თებერვლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ეს ამერიკელებსა და უკრაინელებს შორის პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო.




























