პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების მითვისებასთან დაკავშირებულ საქმეებზე ამნისტია გამოცხადდეს.
როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განმარტა, ამნისტიის შედეგად მოქალაქეებს შეეძლებათ დააბრუნონ მიწის ნაკვეთები, ან გადაიხადონ მისი საფასური.
„წლების განმავლობაში დაგროვდა ასეთი სახის პრობლემა - ჩვენი მოქალაქეების ნაწილმა უკანონოდ დაირეგისტრირა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები და ეს იყო დიდი პრობლემა. ათეულობით საქმე დევს პროკურატურაში, მიმდინარეობს გამოძიებები. ბევრი გაუგებრობა მოხდა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები პროკურატურასთან, პარლამენტთან და გამოვდივარ ინიციატივით, რომ გამოვაცხადოთ ამნისტია ასეთ საქმეებზე.
ამნისტია გავრცელდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლებით ჩადენილ დანაშაულებზე. ამნისტიის თანახმად, სისხლის სამართლებრივი სასჯელისგან, პირობითი მსჯავრისგან, აღუსრულებელი ჯარიმისგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც 2023 წლის 1-ელ სექტემბრამდე დანაშაულებრივი გზით მოიპოვა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება. ამნისტია გავრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლების 2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე სრულად აანაზღაურებს სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს.
ამნისტია არ გავრცელდება მოხელის მიერ, ან სახელმწიფო საწარმოს, სსიპ-ების და არასამეწარმეო იურიდიული პირების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების შემთხვევებზე.
სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფოს სასარგებლოდ დატოვების გზით, თუ ეს შეუძლებელია, მიწის ნაკვეთის ღირებულების თანხის გადახდის გზით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რევაზ ჯაველიძეს დღესვე საკითხზე დამატებითი განმარტების გაკეთება სთხოვა.
ღარიბაშვილის ინფორმაციით, საკითხზე პროექტი უკვე მომზადებულია და ის პარლამენტს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.