"უხერხულია, როცა ძალიან ლამაზ სასტუმროში უნდა მიიყვანო ტურისტი, მაგრამ გიწევს ცუდ გზაზე გაატარო" - სასტუმრო West Inn Georgia – Kutaisi-ს მმართველმა პარტნიორმა, ჰოტელიერმა მაია მურაჩაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიას აქვს.
TOP-გამოწვევებს შორისაა კადრების დეფიციტი, რომელიც მაია მურაჩაშვილის შეფასებით, წელს უფრო მწვავედ დგას ვიდრე შარშან, რაც თავის მხრივ, სერვისის ხარისხზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.
გარდა ამისა, ჰოტელიერმა ისაუბრა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პრობლემაზე და მათ შორის გამოყო სასტუმრომდე მისასვლელი მოუწესრიგებელი გზის პრობლემა, რომლის მოგვარებასაც ჰპირდებიან.
„West Inn Georgia – Kutaisi არის 4-ვარსკვლავიანი, ძალიან ლამაზი სასტუმრო ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე. დაახლოებით, ₾8-მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო. ამ უბანს ახალი სიცოცხლე შევძინეთ. მახსოვს, როდესაც სასტუმრო იხსნებოდა, ბევრი სკეპტიკურად გვიყურებდა - "აქ სასტუმრო როგორ იმუშავებსო", მაგრამ ტურისტების რაოდენობასაც არ ვუჩივით და ასევე, ჩვენთან ახლოს უკვე ახალი კლინიკა შენდება, ირგვლივ მიწის ფასი გაიზარდა და ა.შ. ვფიქრობ, როცა ასეთი ინვესტიცია ხორციელდება ქალაქში, ბიზნესს მეტი ხელშეწყობა უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მხრიდან და საჯარო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში უნდა დაგვეხმარონ. სასტუმრომდე მისასვლელი, დაახლოებით, 500-მეტრიანი გზის მოასფალტებაა საჭირო.
გვაქვს კომუნიკაცია ადგილობრივ მთავრობასთან და გვპირდებიან, რომ გზას მალე დააგებენ. ვისურვებდი, ადგილობრივი თვითმმართველობა მეტად იყოს დაინტერესებული, ხელი შეუწყოს ქართული ინვესტიციით განხორციელებულ პროექტებს, რადგან ეს პროექტები ზრდის სამუშაო ადგილებს, ქმნის იმიჯს და დამატებით შემოსავლები მოაქვს ბიუჯეტისთვის.
ძალიან უხერხული მომენტია, როცა ლამაზ სასტუმროში მიგყავს ტურისტი, მაგრამ ისეთ ცუდ გზაზე უნდა გაატარო, რომელიც სასიამოვნო პირველ შთაბეჭდილებას ნამდვილად არ შეუქმნის“, - ამბობს მაია მურაჩაშვილი.