მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უხილავი სხვაობა რეალური შედეგებით ანუ რატომ ვერ იგრძნობა რეალურ ცხოვრებაში ეკონომიკის ზრდა|ბლოგი

ნიკა ალავიძე
23.02.26 19:00
1956

BMG გთავაზობთ, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, საზოგადოებრივი მოძრაობა "ჯერ საქართველოს" თანადამფუძნებელ ნიკოლოზ ალავიძის ბლოგს.

“საქართველოს ეკონომიკის ზრდის ლეგენდებს ხმამაღლა ღაღადებს აღფრთოვანებული სამყარო“, ფაქტია, ქაღალდზე GDP იზრდება, ამას სარეიტინგო სააგენტოებიც აღნიშნავენ, მაკროეკონომიკური პარამეტრები და ლარის კურსი სტაბილურია, მშვიდობა გვაქვს და უმეტესად კარგი ამინდიც, თუმცა ახირებული მოქალაქეები მაინც ამჩნევენ, რომ ცხოვრება ძვირდება, ფასები იზრდება რასაც ვერ ეწევა არსებული შემოსავლები და მოსახლეობის კეთილდღეობა. რაშია საქმე? "დიფ სტეიტი" თუ არგუმენტების ნაკლებობაა…

არაა ეს წინააღმდეგობა შემთხვევითი, ის პირდაპირ უკავშირდება სხვაობას GDP (მთლიანი შიდა პროდუქტი) და GNI (მთლიანი ეროვნული შემოსავალი) მაჩვენებლებს შორის.

მაღალი მშპ (GDP, მთლიანი შიდა პროდუქტი) აუცილებლად არ ითარგმნება მოქალაქეების შემოსავლის ზრდაზე. ეს ფაქტი აიხსნება იმ ფაქტორით, რომ ქვეყანაში შექმნილი ღირებულების მნიშვნელოვანი ნაწილი არარეზიდენტებზე გადანაწილებული დოვლათია, თუმცა საბოლოო “ნავსაყუდელს” საქართველოს ეკონომიკაში კი არა, არამედ "წილხვედრის” ფარგლებს გარეთ პოულობს. ის ნაწილდება, მოგების, დივიდენდის, პროცენტის და სხვადასხვა სრულიად ლეგალური გადასახდელის სახით, ეს მოვლენა მარტივად GDP და GNI მონაცემების (მთლიანი ეროვნული შემოსავალი) სხვაობაში აისახება.

და ისევ, “რა ამბავია ეს ორი სათაური”?!

ტერმინების განმარტებით, GDP (მთლიანი შიდა პროდუქტი) გვიჩვენებს, რამდენი დამატებული ეკონომიკური ღირებულება შეიქმნა ქვეყნის შიგნით ერთი წლის განმავლობაში. ის გვაჩვენებს წარმოების მასშტაბს, მაგრამ არ გვიჩვენებს, ვის დარჩა ეს შემოსავალი საბოლოოდ.

GNI - მთლიანი ეროვნული შემოსავალი, ეს არის GDP, პლუს/მინუს ქვეყნის მოქალაქეების პირველადი შემოსავლები უცხოეთიდან და უცხოეთში (ხელფასები, დივიდენდები, პროცენტები). ისტორიულად იგივე ლოგიკით იყო GNP (ერთიანი ეროვნული შემოსავალი, ეშპ), თუმცა თანამედროვე სტატისტიკაში GNI გამოიყენება.

უფრო მარტივად: GNI = GDP + ის, რაც საქართველოს მოქალაქეებმა მიიღეს უცხოეთიდან − ის, რაც საქართველოდან გავიდა უცხოეთში.

GDP ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია GNI-ის ზრდაც, თუმცა როდესაც ეს ზრდა სტრუქტურულად ჩამორჩება ერთმანეთს, მაშინ არც თუ ისე კარგი ამბები ხდება. სამწუხაროდ თითქმის არავინ არ საუბრობს GNI-ზე, არადა ეს მაჩვენებელი(ც) მნიშვნელოვანია სრული და დიდი სურათის დასანახად.

როდესაც GDP და GNI შორის სხვაობა დიდი და სტრუქტურულად მდგრადია, ამით სუსტდება ეკონომიკური ზრდის რეალური გავლენა მოსახლეობაზე, განსაკუთრებით მცირე და ღია ეკონომიკის შემთხვევაში, როგორიც საქართველოშია.

სწორედ აქ იწყება ძირითადი პრობლემა. ფაქტი, რომელსაც სტატისტიკა პირდაპირ აჩვენებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის საგადამხდელო ბალანსის მიხედვით, პირველადი შემოსავლის ბალანსი წლებია უარყოფითია.

ეს ნიშნავს, რომ საქართველოდან მეტ ფულს ვუხდით გარე მფლობელებს ვიდრე ჩვენი რეზიდენტები იღებენ უცხოეთიდან. “გარე” ნიშნავს არარეზიდენტებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების კუთვნილ ოფშორებს, და ა.შ.)

2025 წლის სებ-ის კვარტალური ანგარიშები აჩვენებს წმინდა პირველადი შემოსავლის უარყოფით სალდოს:
— I კვ.: 537.5 მლნ აშშ დოლარი
— II კვ.: 578.6 მლნ აშშ დოლარი
— III კვ.: 531.7 მლნ აშშ დოლარი

9 თვეში 1.65 მლრდ აშშ დოლარია “მინუსში”, ესა ფაქტი და არგუმენტი, რაც ნათლად აჩვენებს, GNI ჩამორჩენას GDP-თან. ფაქტი მიუთითებს სისტემურ პრობლემაზე, მშპ-ს ზრდა რეალურად არ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე ინკლუზიურად და არც მოქალაქეების კეთილდღეობაზე. ეს აჩვენებს ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურას, სადაც უცხოური კაპიტალი, ოფშორული მფლობელობა და საგარეო ვალდებულებები ზემოქმედებს შემოსავლის ქვეყნიდან “გაჟონვაზე”.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი მცირე ეკონომიკისთვის

GDP და GNI-ს შორის სხვაობა ყველგან არსებობს, მნიშვნელოვანია რამდენად დიდი და არასისტემურია ეს სხვაობა. ჩვენს შემთხვევაში სხვაობა სისტემურია და სწორედ ესაა მიზეზი განგაშისთვის.

საერთაშორისო პრაქტიკაში, მცირე და ღია ეკონომიკებისთვის, GDP და GNI შორის 10% ზრდადი სხვაობა განიხილება როგორც მაკროეკონომიკური რისკის ინდიკატორი. ეს არ არის ფორმალური ზღვარი, თუმცა IMF/World Bank-ის შეფასების პრაქტიკაში ასეთი მასშტაბის სხვაობა განგაშის სიგნალია.

შინაარსობრივი განმარტება: საქსტატის მონაცემებით შეფასება, რომ ეკონომიკა “კარგად გამოიყურება”, მშპ (GDP) იზრდება, ამ ფაქტს ობიექტურად არავინ არ უარყოფს; თუმცა ასევე ფაქტია, რომ (საქსტატის და სებ მონაცემბზე დაყრდნობით + რეალური ცხოვრება), ეროვნული შემოსავალი (GNI) იზრდება უფრო ნელა, ვიდრე GDP. მოქალაქეების რეალური სარგებელი ნაკლებად იზრდება; ეკონომიკური შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი გარე მფლობელებზე, გარე ფინანსირებაზე მიდის, რაც საქართველოს ეკონომიკიდან “ლეგალურად” გაედინება. ბრუნვა და ზრდა რჩება ქაღალდზე.

რატომ ძვირდება ცხოვრება, როცა ლარი „სტაბილურია“

ჩვენი ეკონომიკური ზრდა დიდწილად დამოკიდებულია:
— მშენებლობაზე და უძრავი ქონების გაყიდვებზე
— მრავალ, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტზე
— არარეზიდენტებზე ორიენტირებულ მომსახურებებზე.

აქედან გამომდინარე, განვითარებას აქვს ლოგიკური გაგრძელება: იზრდება მოთხოვნა მიწასა და საცხოვრებელზე, აქტივების ფასი სწრაფად იზრდება, ხელფასები და შიდა შემოსავლები კი ამ ტემპს ვერ ეწევა.

ამას ემატება ის, რომ შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნიდან გადის (სახელმწიფო ინფრ. პროექტების უმეტესი ნაწილი უცხოური კონტრაქტორია, მსხვილი სამშენებლო პროექტი ოფშორული და გაუმჭვირვალე მფლობელობით და ა.შ.), რაც შიდა ეკონომიკაში რეალურ მსყიდველ უნარიანობას ამცირებს. შედეგი მარტივია: ლარი შეიძლება სტაბილური იყოს ნომინალურად, მაგრამ ცხოვრება მაინც ძვირდება.

მეგაპროექტები და GDP–GNI „ხევი“

მსხვილი უძრავი ქონების პროექტები, განსაკუთრებით უცხოურ მფლობელობაზე აგებული, მაგალითად EAGLE Hills, დიდი და მოკლევადიანი ეფექტის შემქმნელია, მშენებლობის პერიოდში GDP იზრდება, ჩნდება დროებითი სამუშაოები, იქნება სხვა დაკავშირებული მოთხოვნები. თუმცა საშუალო-გრძელ ვადაში დიდი ხარვეზებია:
— მოგება და დივიდენდები ქვეყნის გარეთ მიემართება;
— პირველადი შემოსავლის დეფიციტი ღრმავდება
— GNI ჩამორჩება GDP-ს.
მილიარდიანი „ინვესტიცია“ შეიძლება სტატისტიკურად შთამბეჭდავია, მაგრამ როდესაც არ არსებობს გამჭვირვალე ბიზნესმოდელი, ადგილობრივი მიწოდების ჯაჭვი, მხოლოდ ქაღალდზე იზრდება GDP, რეალურად კი ეროვნული სარგებელი მცირდება.

პროცესში დიდწილად ფიგურირებს სახელმწიფოს უხილავი ხარჯი, რაც ამ ზომებს და მიდგომას, შესაძლო კორუფციული და საეჭვო გარიგებების რისკთან ერთად ახლავს თან. მეგაპროექტები ითხოვენ: ინფრასტრუქტურის წინმსწრებ დაფინანსებას, ხანგრძლივ ვალდებულებებზე მორატორიუმს, ახალ ურბანულ ზონირებას და ა.შ. ეს ყველაფერი ამ კონკრეტულ პროექტში უკვე ნათლად გამოკვეთილია:
— სახელმწიფოს მიერ შეცვლილი კანონებით
— მიწის ბუნდოვანი განკარგვით
— დასაბუთებული შეფასების გარეშე გაუმჭვირვალე კომპანიის კაპიტალში შეტანით
— მშენებლობის ნებართვების, გარემოსდაცვითი ზეგავლენის დასკვნების, განაშენიანების გეგმის და ზოგადად პროექტების გარეშე გაყიდვების დაწყება და წახალისებით…

შედეგად, რა თქმა უნდა, ქაღალდზე GDP იზრდება, თუმცა ასევე იზრდება ბიუჯეტზე ზეწოლაც, ძლიერდება წნეხი ლარზე და მთელი სიმძიმე გადასახადის გადამხდელებს აწვებათ.

უთანასწორობის ეფექტი

უძრავი ქონების ბუმი თავისთავად ზრდის სარგებელს მიწის მფლობელებისა და ვიწრო ჯგუფებისთვის; აძვირებს საცხოვრებელს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, იწვევს აქტივების ინფლაციას, რომელსაც ხელფასები ვერ ეწევა.

ყველაფერ ამას, როდესაც არარეზიდენტების მხრიდან მიღებული შემოსავლის გადინებაც ემატება, ვიღებთ ეკონომიკას, სადაც: GDP იზრდება, მაგრამ კეთილდღეობა არ ნაწილდება თანაბრად.

შესაძლო კორუფციისა და AML რისკი, ეკონომიკური ლოგიკა
მსოფლიო პრაქტიკაში სწრაფი და მასშტაბური უძრავი ქონების პროექტები მაღალი რისკის მატარებლად მიიჩნევა, რაც გამოცდილებით არის გამყარებული და დადასტურებული:

  • მიწის ზონირება ქმნის დიდ ეკონომიკურ ბუშტს
  • ბენეფიციარი მფლობელების გაუმჭვირვალობა ზრდის ინტერესთა კონფლიქტებს
  • უძრავი ქონება ხშირად გამოიყენება კაპიტალის „ლეგიტიმაციის“ ინსტრუმენტად.

ეს, რა თქმა უნდა, არაა ბრალდება და მტკიცება, არამედ მხოლოდ ინსტიტუციური რისკის შეფასებაა, რაც საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარეობს.

და რა თეორიული კავშირია ამ ყველაფერთან “სახელმწიფო ბანკი” და საპენსიო ფონდი?

როდესაც ეკონომიკური ზრდა არ გარდაიქმნება ეროვნულ შემოსავალში, იზრდება ბიუჯეტის წნეხი რაც უთანასწორობას მხოლოდ აძლიერებს; ჩნდება ცდუნება, რომ სახელმწიფო ფინანსურმა ინსტრუმენტებმა „დააბალანსონ“ შესაძლო ხვრელები.

სწორედ ამიტომ GDP–GNI სხვაობის ანალიზი აუცილებელია, სანამ ასეთ ინსტრუმენტებზე სერიოზულად ვიმსჯელებთ.

თუ გვინდა ზრდა, რომელიც მოქალაქეებს რჩებათ, მეგაპროექტები და ეკონომიკური პოლიტიკა უნდა შეფასდეს არა მხოლოდ მშპ ზრდის ტემპებით, არამედ:

  • როგორ მოქმედებს ისინი GDP–GNI სხვაობაზე
  • რა ტვირთად დააწვება სახელმწიფოს
  • რამდენად გამჭვირვალე და ინკლუზიურია სისტემა და მართვის სადავეები.

ამ სხვაობაზე საუბარი ეკონომისტებისთვის არ არის მხოლოდ ტექნიკური დეტალი, ეს უხილავი ხაზია, რომელიც „ბედნიერ ციფრებს“ და რეალურ კეთილდღეობას განასხვავებს.

ვიდრე ეკონომიკურ წარმატებას მხოლოდ GDP-ის ტემპით და “დაბალი” ინფლაციის და ასევე “დაბალი” უმუშევრობის მაჩვენებლებით გავზომავთ და არ დავსვამთ რეალურ კითხვას - ვისთვის და რისთვის არის ეს ზრდა”სასარგებლო”, ვიქნებით პარადოქსში, სადაც “ბედნიერი ციფრები” და არასასიამოვნო შეგრძნებაა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ეს უკვე არა სტატისტიკური, არამედ ეკონომიკური არჩევანია და სწორედ აქ არის პასუხისმგებლობიანი დისკუსია საჭირო.

ბიბლიოგრაფია ფაქტების გადამოწმებისთვის
ბლოგში მოყვანილი შეფასებები დაფუძნებულია ოფიციალურ სტატისტიკზე და საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულ მიდგომებზე. ეს არის ეკონომიკური ლოგიკის ანალიზი რისი გადამოწმებაც შესაძლებელია მითითებულ წყაროებზე

საქართველოს ეროვნული ბანკი (NBG), საგადამხდელო ბალანსი (Balance of Payments) https://nbg.gov.ge/statistics/balance-of-payments
პირველადი შემოსავლის ბალანსი (Primary Income Account) https://nbg.gov.ge/statistics/balance-of-payments/primary-income
კვარტალური და წლიური მაკროეკონომიკური სტატისტიკა https://nbg.gov.ge/statistics

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი / Geostat), GDP (მთლიანი შიდა პროდუქტი) https://www.geostat.ge/en/modules/categories/23/gross-domestic-product
GNI (მთლიანი ეროვნული შემოსავალი) https://www.geostat.ge/en/modules/categories/695/gni
ეროვნული ანგარიშები, რეალური და ნომინალური მაჩვენებლები https://www.geostat.ge/en/modules/categories/21/national-
accounts

https://www.imf.org/external/pubs/ft/bop/2007/bopman6.htm
https://www.imf.org/en/Publications/WP
https://www.imf.org/en/Data
https://databank.worldbank.org/source/world-development-indicators

GNI per capita და შემოსავლის განაწილების ანალიზი:
https://data.worldbank.org/indicator/NY.GNP.PCAP.CD
https://www.worldbank.org/en/topic/macroeconomics
https://ec.europa.eu/eurostat/web/national-accountshttps://www.oecd.org/sdd/na/

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები