14 დეკემბერს დაგეგმილი პრეზიდენტის არჩევა არაკონსტიტუციური და უკანონოა. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის "სამოქალაქო იდეა" განცხადებაშია აღნიშნული.
ორგანიზაციის შეფასებით, პრობლემა არ არის მხოლოდ ის, რომ მას არალეგიტიმური პარლამენტი ირჩევს, მას ამძიმებს თავად არჩევნების ჩატარების კანონსაწინააღმდეგო პროცედურა და ვადები.
"საქართველოს კონსტიტუცია (მუხლი 50) ადგენს, რომ „საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით, დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია. ხოლო „პრეზიდენტის არჩევის წესი და პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით“. ორგანული კანონის ქვეშ, იგულისხმება „საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“. პრეზიდენტის არჩევის წესს განსაზღვრავს კოდექსის XI თავი: "საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები“. კერძოდ, კანონი ადგენს, რომ პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებიდან 45 დღის ვადაში. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდა მიმდინარე წლის 25 ნოემბერს, პრეზიდენტის არჩევის კონსტიტუციური ვადა იყო 2025 წლის 9 იანვარი. ამ ვადის გადაცილება არ შეიძლება. პარლამენტმა პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დანიშნა.
დიახ, არჩევის ვადების შემცირება თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ ეს ისე უნდა მოხდეს, რომ არ დაირღვეს საარჩევნო კოდექსით დადგენილი არჩევნების პროცედურები და ვადები. მაგალითად, საარჩევნო კოდექსი ადგენს, რომ „პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს“ (მუხლი 97), და „პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30-მა წევრმა საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა, განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს“ (მუხლი 97). ანუ მხოლოდ „კოლეგიის შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ“, კოლეგიის 30 წევრს შეუძლია კანდიდატის წარდგენა.
რა მოხდა სინამდვილეში:
1. უკანონობა რომელსაც 14 დეკემბერს საქართველოს პარლამენტი ჩაიდენს კონსტიტუციის და კანონის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ არის არჩევნების დანიშვნის ვადის დარღვევა - პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა დასაშვებია არჩევნებამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა, ერთმნიშვნელოვნად ამბობს კანონი.
14 დეკემბრიდან უკან რომ გადმოვთვალოთ, კანდიდატის წარდგენის ბოლო ვადა 15 ნოემბერს გამოდის, ანუ მაშინ როდესაც პარლამენტის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი ჯერ გამოქვეყნებულიც არ აქვს ცესკოს! (16 ნოემბერს გამოაქვეყნეს)
აქვე უნდა განიმარტოს, რომ საარჩევნო კოდექსი იცნობს “გამონაკლის შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდა ამ კანონით დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება/ვადების დაცვა,” ცესკოს უფლებას “დადგენილებით განსაზღვროს ჩასატარებელი არჩევნების/გასამართი კენჭისყრის საარჩევნო ღონისძიებები და ვადები”. (მუხლი 14.1.გ)
თუმცა მნიშვნელოვანია პირობა, რომელსაც კანონი აყენებს მხოლოდ “გამონაკლის შემთხვევაში“ და რაც მთავარია, თუ „შეუძლებელი გახდა ამ კანონით დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება/ვადების დაცვა“. შესაბამისად, კანონის ასეთი ჩანაწერი აუცილებლად გულისხმობს ამ გარემოებების აღწერას და დასაბუთებას. ნებისმიერი მსგავსი გადაწყვეტილება დეტალურად უნდა ხსნიდეს და განმარტავდეს გარემოებას, რაც ვადების დაცვას შეუძლებელს გახდიდა. ბუნებრივია, მსგავსი ახსნა და გარემოებების განმარტება დოკუმენტებში არ არსებობს.
2. ცესკომ საარჩევნო კოლეგია დაამტკიცა განკარგულებით 2024 წლის 2 დეკემბერს. ანუ, მხოლოდ 2 დეკემბრის შემდეგ იყო შესაძლებელი პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა და არა 27 ნოემბერს, როგორც ეს მოხდა. მეტიც, ცესკოს გვერდზე წარდგინების ტექსტი საერთოდ არ იძებნება. გამოქვეყნებულია „ცნობა“ საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 14 დეკემბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრირებული პირის შესახებ“ და ეს ცნობა არ შეიცავს არავითარ რეკვიზიტს, „ბლანკს“, ან წარმდგენი 30 პირის ხელმოწერებს.
რეალურად, "უხილავმა ხელმა" მორიგ ჯერზე, ზუსტად ისევე უკანონოდ დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე პარლამენტის სხდომა",- აღნიშნულია განცხადებაში.