უხვი ნალექის გამო კახეთის რეგიონის რამდენიმე სოფელი მნიშვნელოვნად დაზარალდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული რამდენიმე მდინარის ადიდებამ და დამცავი კალაპოტების გარღვევამ გამოიწვია.
BM.GE აღნიშნულთან დაკავშირებით თელავის მერიას დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ უხვი ნალექის გამო ზიანი მიადგა სოფელს ფშაველს, ართანას, ლალისყურს, სანიორეს და ჯუღაანს. თუმცა გუშინ გვიან ღამიდან მოყოლებული, სამაშველო და შესაბამისი სამსახურები აქტიურად მუშაობენ და ყველა დაზარალებულს დახმარებას უწევენ.
„გუშინ გვიან ღამე უხვი ნალექისა და გადაუდებელი წვიმების გამო ზიანი მიადგა სოფლებს - ფშაველი, ართანა, ლალისყური, სანიორე და ჯუღაანი. საიდანაც, სოფელ ართანაში, სანიორესა და ფშაველში რამდენიმე სახლში შევიდა ხევის წყალი.
გუშინ, ღამის 2 საათიდან ადგილზე მუშაობა დაიწყო როგორც სამაშველო სამსახურმა, ასევე ადგილობრივად მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მძიმე ტექნიკამ და შესაბამისმა სამსახურებმა. სახლებიდან ხალხის ევაკუაცია საჭირო არ გამხდარა, მხოლოდ რამდენიმე სახლის პირველი სართული იყო ხევის წყლით დატბორილი. ყველა სახლიდან წყალი უკლებლივ უკვე ამოტუმბულია, სახლებში სიტუაცია მოგვარებულია და მოსახლეობას მაქსიმალური დახმარება აღმოვუჩინეთ. დღის განმავლობაში ეს ყველაფერი უკვე მოწესრიგებული იქნება. ამინდიც უკვე იდარებს და დღის ბოლოს ვვარაუდობთ, რომ უკეთესი სიტუაცია გვექნება.
ამ ეტაპზე, მძიმე ტექნიკა მუშაობას განაგრძობს ადიდებული მდინარეებისა და ხევების კალაპოტის საწყის პოზიციაში დაბრუნების მიზნით. ზუსტი ინფრასტრუქტურული ზარალი სანამ ამინდი არ გამოიდარებს. თუმცა, ძირითადად დაზიანებულია სასოფლო სავარგულებთან მისასვლელი შიდა საუბნო გზები, სადაც ასფალტი ისედაც არ იყო.
ადგილობრივ ფერმერებთან კომუნიკაცია კვლავ გაგრძელდება და როგორც კი ამინდი გამოვა და შევძლებთ სასოფლო სავარგულების ნახვას, უკვე ზარალს ფერმერებთან ერთად დავითვლით. სხვა შემთხვევაში საგზაო ინფრასტრუქტურას ზიანი დიდად არ მისდგომია",- აცხადებენ მერიაში.