მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინა ესპანეთისგან $1 მილიარდის დახმარებას მიიღებს

ვოლოდიმირ ზელენსკი და პედრო სანჩესი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადრიდში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ უკრაინა ესპანეთისგან დამატებით €817 მილიონი ევროს დახმარების პაკეტს მიიღებს. დახმარების ძირითადი ნაწილი 2024 წლის მაისში ხელმოწერილი 10-წლიანი ორმხრივი უსაფრთხოებისა და თავდაცვის შეთანხმების ნაწილია, რომელიც ყოველწლიურად €1 მილიარდს ითვალისწინებს.

ამასთან, ოფიციალური მადრიდი ომში მყოფი მოკავშირისთვის €100 მილიონი ევროს მოცულობის სამხედრო შეიარაღებას NATO-ს გავლით, ამერიკის შეერთებული შტატებისაგან შეიძენს.

ჯამურად, საუბარია $1.06 მილიარდი დოლარის დახმარების გაწევაზე. როგორც ირკვევა, გადაცემული თანხის უდიდესი ნაწილი საბრძოლო ველზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეიარაღების, მათ შორის თავდაცვის სისტემებისა და ტყვია-წამლის შესყიდვისთვის გამოიყენება.

როგორც ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, გადაწყვეტილების მიზანი კიევის გადაუდებელი თავდაცვითი საჭიროებების დაკმაყოფილებაა. აღსანიშნავია, რომ ომის დაწყებიდან დღემდე ეს ოფიციალური მადრიდის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი ერთ-ერთი უდიდესი დახმარების პაკეტია.

უკრაინის პრეზიდენტმა ესპანელ კოლეგას გამოყოფილი დაფინანსებისა და ქვეყნისადმი ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ დახმარებას ზამთრის მძიმე პერიოდის გადატანისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება.

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე დღეა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის მასშტაბით ტურნეს მართავს და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებისგან ფინანსურ თუ სამხედრო დახმარებას იღებს. ამასთან, აფორმებს ახალ გარიგებებს. რამდენიმე დღის წინ ის პარიზს სტუმრობდა, სადაც საფრანგეთსა და უკრაინას შორის ფრანგული წარმოების მოიერიშე თვითმფრინავების Rafale-ის 100 ერთეულის შეძენაზე შეთანხმებას მოეწერა ხელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები