მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინა-რუსეთმა მოსახლეობის ევაკუაციისთვის ექვსი „მწვანე დერეფანი“ შეათანხმა

62284d6a0550f
ვიქტორია მღებრიშვილი
09.03.22 13:41
766

რუსეთი და უკრაინა, დღეს, 09:00 საათიდან 21:00 საათმდე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერ-მინისტრმა, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხების მინისტრმა ირინა ვერეშუკმა ბრიფინგზე განაცხადა.

„დილის 5:30 საათზე რუსეთის ფედერაციიდან მივიღეთ შეტყობინება მანამდე ჩვენს მიერ შეთავაზებული მარშრუტების შესახებ და წითელი ჯვრის შეტყობინება აღნიშნულ მარშრუტებზე თანხმობის შესახებ“, - განაცხადა ვერეშუკმა.

მისი ინფორმაციით, უკრაინის პრემიერ-მინისტრისა და წითელი ჯვრის ხელმძღვანელის შეთანხმების მიხედვით, სამხედროებმა ცეცხლი 9 საათიდან 21 საათამდე უნდა შეწყვიტონ.

ირინა ვერეშუკის ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შემდეგ მარშრუტებზე ამოქმედდება:

- ენერგოდარი - ზაპოროჟიე
- სუმი - პოლტავა;
- მარიუპოლი - ზაპოროჟიე
- ვოლნოვახა - პოკროვსკი;
- იზუმი-ლოზოვაია
- კიევის ოლქი: ვოზრელი, ბუჩა, ბოროდიანკა, გოსტომელი, ირპენიდან ბელოგოროდკას გავლით კიევში.

მან რუსეთის ფედერაციას მიმართა: „თქვენ აიღეთ ოფიციალური საზოგადოებრივი ვალდებულება შეწყვიტოთ ცეცხლი 9 მარტს, დილის 9 საათიდან. ჩვენ უარყოფითი გამოცდილება გვაქვს, როდესაც აღებული ვალდებულებები არ მუშაობდა მარიუპოლი-ზაპოროჟიეს და ვოლნოვახა-პოკროვსკის მიმართულებით“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა და აღნიშნა, რომ ვოლნოვახის მაცხოვრებლები მას თხოვნით მიმართავენ, რათა შეძლონ თავშესაფრების დატოვება, სადაც ისინი სროლებს ემალებიან.

ირინა ვერეშუკმა განსაკუთრებული ყურადღება ქალაქ ვორზელში არსებულ ბავშვთა სახლს მიაქცია, სადაც ამ დროისთვის 55 ბავშვი და პერსონალია. „ეს სპეცოპერაციაა, რომელიც აღნიშნული ბავშვთა სახლის ევაკუაციისთვის ტარდება. რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ვთხოვეთ დაიცვან თავისი ვალდებულებები 21:00 საათმდე“, - თქვა ვერეშუკმა.

სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დიმიტრი ჟივიცკის ინფორმაციით კი, სუმიდან პოლტავაში ჰუმანიტარული დერეფნის მოქმედება კიევის დროით 9-დან 21:00 საათამდე გაგრძელდება, რა დროსაც მოსახლეობას ქალაქიდან გასვლა როგორც პირადი ტრანსპორტით, ასევე ავტობუსებით შეეძლებათ. ამის შესახებ მან Telegram-არხში დაწერა.

"14 საათისთვის ჩვენ პოლტავიდან, დაახლოებით, 22 ავტობუსს მოვაბრუნეთ, რომლებიც გუშინ პირველ კოლონას მოემსახურა. ჩვენ ამ ავტობუსებით ორსულებს, ქალებსა და ბავშვებს, ხანში შესულ და შშმ პირებს გადავიყვანთ. პირველი ორგანიზებული კოლონის გასვლის ადგილის შესახებ ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით, მას წითელი ჯვარი გააცილებს“, - დაწერა ჟივიცკიმ.

რუსეთის ჰუმანიტარული რეაგირების საერთაშორისო საკოორდინაციო შტაბში კი გუშინ ღამით განაცხადეს, რომ ოთხშაბათს მოსკოვის დროით 10 საათიდან რუსეთი „სიმშვიდის რეჟიმს“ აამოქმედებს და რამდენიმე უკრაინული ქალაქიდან ჰუმანიტარული დერეფნის ამოქმედებას უზრუნველყოფს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსკოვი მზად არის დერეფნები კიევსა და ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებში აამოქმედოს და მოსახლეობა ბელარუსის გავლით რუსეთში ჩაიყვანოს. რუსეთი ასევე მზად არის ჩერნიგოვიდან მოსახლეობა რუსეთში გადაიყვანოს, ხოლო სუმიდან პოლტავასა და ბელგოროდში.

8 მარტს ამოქმედდა ჰუმანიტარული დერეფანი: სუმი-გოლუბოვკა, ლოხვიცე- ლუბნი - პოლტავა, შედეგად გადაყვანილი იყო მოსახლეობის ორი ტალღა და 5 000-მდე ადამიანი უსაფრთხოდაა გადაყვანილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები