მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინა საბანკო სექტორს ევროკავშირის სტანდარტებთან 2028 წლისთვის დააახლოებს

უკრაინის ეროვნული ბანკი

უკრაინამ ფინანსური სექტორის ევროკავშირის რეგულაციებთან სრულად ინტეგრაციის ვადად 2028 წელი განსაზღვრა. როგორც ირკვევა, ეროვნული ბანკი, ომის გამოწვევების მიუხედავად, ფართომასშტაბიანი რეფორმების დაჩქარებას გეგმავს.

უკრაინის მთავარი ფინანსური ინსტიტუტის მმართველმა ანდრეი პიშნიმ განმარტა, რომ ცვლილებები ინვესტორთა ნდობის ამაღლებასა და ევროპასთან ეკონომიკურ ინტეგრაციას მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელი მონაცემებით, უკრაინის საბანკო რეგულაციები ევროპულ მოთხოვნებთან უკვე 78%-ითაა თავსებადი. შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი რუსეთის შეჭრამდე დაახლოებით 50%-ს უტოლდებოდა.

როგორც პიშნი აცხადებს, ომის პირობებში საბანკო სისტემამ ფინანსური მდგრადობის შენარჩუნება შეძლოს და ის ამჟამად სრულად ლიკვიდურია. მისი თქმით, გატარებული ნაბიჯების დამსახურებით, ბაზარზე უმოქმედო სესხების მოცულობაც უკვე ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული.

რაც შეეხება სადაზღვევო სექტორს, ამ მხრივ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების დონე შედარებით დაბალია და ის მხოლოდ 55%-ს უტოლდება. როგორც პიშნი ამბობს, ვითარების გასაუმჯობესებლად და 2028 წლამდე ევროკავშირის დონესთან დასაახლოებლად ეროვნული ბანკი შეიმუშავებს ახალ სტანდარტებს, რომლებიც სისტემის გამჭვირვალობისა და სტაბილურობის გაზრდას უზრუნველყოფს.

ფინანსური ჩარჩოს გასაძლიერებლად მთავრობა 50-ზე მეტ ახალ კანონს მიიღებს. ანდრეი პიშნის შეფასებით, ეს ცვლილებები უკრაინის ეკონომიკაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას საგრძნობლად დაეხმარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები