უკრაინა საფრანგეთთან და საბერძნეთთან შეთანხმებებზე მუშაობს, რომლებიც მის საჰაერო თავდაცვასა და ენერგეტიკის სექტორს გააძლიერებს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული “პრავდა”, პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ზელენსკიმ თავის მიმართვაში აღნიშნა, რომ გასულ კვირას სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნებმა PURL პროგრამაში, რომელიც უკრაინას ამერიკული იარაღის შეძენაში ეხმარება, თავიანთი კონტრიბუცია $500 მილიონით გაზარდეს. ზელენსკიმ იქვე დასძინა, რომ მზადდება შეთანხმება ევროპულ ქვეყნებთანაც.
“ასევე ვემზადებით საჰაერო თავდაცვის ახალი, ძლიერი სისტემისთვის, რაც ჩვენს ავიაციას გააძლიერებს. ვამზადებთ ძლიერ შეთანხმებას საფრანგეთთან, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება და, დარწმუნებული ვარ, ისტორიული იქნება”, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საბერძნეთთან შეთანხმება ენერგეტიკას შეეხება: “რათა მიმდინარე ზამთარს უკრაინისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების წყაროების მაქსიმიზაცია სტრატეგიულად შევძლოთ”.
ზელენსკის შეთანხმების დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა ცნობილია, რომ პრეზიდენტი საბერძნეთს 16 ნოემბერს ეწვევა, საფრანგეთს კი - ერთი დღის შემდეგ.




























