მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინა ხერსონზე კონტროლს იბრუნებს - უკრაინული დაზვერვა

636e5ffd6bd4d
ვიქტორია მღებრიშვილი
11.11.22 18:50
562
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, ქალაქ ხერსონში უკრაინელი სამხედროების შესვლას ადასტურებს.

დაზვერვაში აღნიშნავენ, რომ უკრაინულ ქალაქ ხერსონიდან რუსეთის ჯარების ძირითადი დანაყოფების უკან დახევის შემდეგ, რუსმა სამხედრო ხელმძღვანელობამ ჯარისკაცები ბედის ანაბარა მიატოვა, მათ სამოქალაქო სამოსში გადაცმა და თავისით გაქცევა ურჩია.

„უკრაინა ხერსონზე კონტროლს იბრუნებს, ქალაქში უკრაინის შეიარაღებული ძალები შედიან, რუსი ოკუპანტების უკან დახევის გზები უკრაინული ჯარების მიერ წარმოებული აქტიური ცეცხლის ქვეშაა. ყოველი რუსი სამხედრო, რომელიც წინააღმდეგობას გაგვიწევს, განადგურდება. სიკვდილისგან გადარჩენის მხოლოდ ერთადერთი გზა არსებობს - დაუყოვნებლივ ჩაგვბარდეთ“, - ნათქვამია დაზვერვის სამსახურის განცხადებაში.

ცნობისთვის: რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ და უკრაინაში რუსეთის ჯარების ხელმძღვანელმა სერგეი სუროვიკინმა 9 ნოემბერს პირადი შემადგენლობის ხერსონიდან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გამოყვანის შესახებ განაცხადეს.

გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ რუსებს თავისი „ადმინისტრაცია“ ხერსონიდან სკადოვსკში გადაჰქონდათ. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს ხერსონიდან ჯარების გაყვანისთვის დაახლოებით 1 კვირა დასჭირდებოდა. 10 ნოემბრის საღამოსთვის კი უკვე ცნობილი იყო, რომ უკრაინის დამცველებმა სამხრეთის მიმართულებით 41 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატკომში კი ამბობენ, რომ უკან დახევისას რუსები თავის ტექნიკას ტოვებდნენ. 11 ნოემბერს კი სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდებოდა ხერსონის კადრები, რომელზეც მოსახლეობა უკრაინული დროშებით იყო აღბეჭდილი.

ცნობისთვის: ხერსონი ერთ-ერთია იმ ოთხი უკრაინული რეგიონიდან, რომელთა ანექსირება ვლადიმირ პუტინმა მიმდინარე თვეს მოახდინა. რუსეთის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება დაგმეს, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ასევე ცივილიზებული სამყაროს სახელმწიფო მეთაურებმა.